ირანი

RFE/RL: ირანში აქციაში მონაწილეობისთვის აქტივისტს პატიმრობა და გაშოლტვა მიუსაჯეს

ირანელი აქტივისტი, ნედა ნაჯი
RFE/RL

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ინფორმაციით, მაჰსა ამინის მხარდასაჭერ აქციაზე დასწრების გამო, თეირანის ისლამურმა რევოლუციურმა სასამართლომ სამოქალაქო და შრომის აქტივისტს, ნედა ნაჯის პატიმრობა და გაშოლტვა მიუსაჯა. 

ნაჯის დედამ, მეჰრანე ღასემიმ 3 იანვარს Instagram-ზე დაწერა, რომ მის ქალიშვილს მიესაჯა რვა თვით თავისუფლების აღკვეთა, 60 შოლტი, ჯარიმა 150 მილიონი რიალის ($385) ოდენობით, "ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდასა" და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის განზრახვით შეკრებასა და გაერთიანებაში" მონაწილეობისთვის. მას ასევე ორი წლით აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა და სმარტფონების გამოყენება.

RFE/RL წერს, რომ სამოქალაქო აქტივისტის ოჯახის თქმით, ნედას სასამართლო პროცესზე ადვოკატის ყოლის უფლებაზე უარი უთხრეს. 

ნაჯი 2 ოქტომბერს ირანის დედაქალაქში, კასრას საავადმყოფოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. როგორც ცნობილია, მორალის პოლიციიდან გადაყვანის შემდეგ მაჰსა ამინი ამ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

RFE/RL საინფორმაციო სააგენტო HRANA-ს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 2 იანვრის მონაცემებით, პროტესტის ჩახშობას, სულ მცირე, 516 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 70 არასრულწლოვანი.

 

კომენტარები