მიხეილ სააკაშვილი

ენმ: სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის ერთ-ერთი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგს ეხმაურება. პარტიის განცხადებით, აქციის დრო და ლოკაცია 31 დეკემბერს დაიგეგმა და 3 ქალაქში მისი ორგანიზება ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეს დაევალა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ " სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ".

"დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა.

შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება. ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არმედ 8.

8 ლოკაციიდან 3 - თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ". 

დღეს, 3 იანვარს ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მარკ ფეიგინის მიერ დაანონსებულ "გლობალურ აქციას" შეუერთდებიან და თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან, შეკვეთილში კი ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბებიან.    

აქციის დროსა და ქალაქებზე პარტიის თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ ინფორმაცია 31 დეკემბერს გაავრცელა

" სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში. გამოვალთ და მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს!" - დაწერა მან. 

კომენტარები