COVID-19 ჩინეთში

დიდი ბრიტანეთი ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს, სავარაუდოდ, კოვიდტესტირებას მოსთხოვს

ბრიტანული მედიის ცნობით, ჩინეთიდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს, სავარაუდოდ, COVID-19-ზე უარყოფით ტესტის პასუხი დასჭირდებათ. კოვიდტესტირების საჭიროებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კოვიდშეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ჩინეთში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 

30 დეკემბერს ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მთავრობა ჯერ კიდევ განიხილავს, დაწესდეს თუ არა შეზღუდვები ჩინეთიდან ჩამოსულ ადამიანებზე. 

ზოგიერთმა ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო - მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა. ამასთან, COVID ტესტის პასუხი საჭიროა საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და ესპანეთში.

პარასკევს ჩინეთის სახელმწიფო მედიამ სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID ტესტების დაწესებას ჩინეთიდან ჩამოსულ ადამიანებზე “დისკრიმინაციული" უწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა მზარდი რიცხვი ჩინეთში შემაშფოთებელია მსოფლიოსთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთი გაუმკლავდება ამჟამინდელ კოვიდტალღას.

19 დეკემბერს  ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა. პანდემიის დაწყებიდან ჩინეთს COVID-19-თან დაკავშირებული მხოლოდ 5 237 გარდაცვალების შემთხვევა აქვს აღრიცხული, ქვეყანაში კი 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტები სიტუაციის გაუარესებას ვარაუდობენ - მკაცრი შეზღუდვების ფონზე ქვეყნის მოსახლეობას COVID-19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი არ აქვს. ამასთან ერთად, ასაკოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ არის. 

კომენტარები