მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მელია: ან ხვალ გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან უნდა დავიწყოთ მოქმედება

ნიკა მელია
ტაბულა

"ხვალ სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თუ არა" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს განიხილავენ, ხვალ, 22 დეკემბერს, 11:00-ზე გაიმართება.

ნიკა მელიას თქმით, ენმ ითხოვს, გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის თქმით, "უნდა დავიწყოთ მოქმედება". მელია ამბობს, რომ გამოიყენებენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას.

"მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვითვალისწინებთ დაცვის სტრატეგიას, რომ ველოდებით ვერდიქტს. ვამბობდი იმასაც, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად. მაგრამ დრო არ ითმენს, პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც - თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი!

არადა, თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება! ყველა ვხედავთ, როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება. გამომდინარე აქედან, ვითხოვთ, გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუციელბლობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი - რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია - შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!

ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა! ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს! ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არ გვქონდეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ, მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მინდა, ყველამ მკაფიოდ გაიგოს და კარგად შეიგნოს, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს ამისათვის" - განაცხადა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

14 დეკემბრის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად უნდა ჩართვოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ვივამედს "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს". იქამდე, კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი მზად არის, სასამართლო პროცესს ONLINE დაესწროს. სხდომაზე მოსამართლემ იკითხა, "მომდევნო კვირას, მომდევნო თვეს, მომდევნო წელს რომ ჩავნიშნოთ პროცესი, ჩართვის საკითხს წავწევთ წინ?", რაზეც მოპასუხე მხარემ თქვა, რომ "პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ეცდება პრობლემის მოგვარებას".

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები მისი სასჯელის გადავადებას ან მის სრულ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები