მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და თბილისის საქალაქო სასმართლოში 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. ჩანიშნულ პროცესზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო მოსამართლეს ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე, ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა ემსჯელა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სასამართლომ ითხოვა დრო, რათა პროცესზე სააკაშვილის ვირტუალურად ჩართვა უზრუნველყონ.

"სასამართლომ გამოთქვა მზადყოფნა და თქვა, რომ დაავალებდა პენიტენციურ სამსახურს, რომ ჩართონ მიხეილ სააკაშვილი, რადგან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. სასამართლოს მხრიდან ამაზე ჩვენ წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. რაც შეეხება იმას, ტექნიკურად როგორ მოგვარდება, რადგან საავადმყოფოშია, ამისთვის 2 კალენდარული დღე ითხოვა. ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ". – თქვა ხაჭაპურიძემ.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს და საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, თუ რისთვის უნდა იყოს მზად.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი და გულახდილად ვიტყვი, დასრულდეს ისე, როგორც აპირებენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, რომ საზოგადოებამ, ჩვენი ჩათვლით, განვსაზღვროთ, რისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამ პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია ყველასთვის, ვფიქრობ, ოჯახისთვისაც მიუღებელია და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისთვის.

[...] ვუსმენდი დაცვის მხარის წარმომადგენლებსაც და როდესაც ირჩევდნენ მომდევნო თარიღს, ოთხშაბათზე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, რომ თითქოს მას სხვა პროცესები აქვს და ამიტომ ამ კონკრეტულ დროს არ ეცალა. არ ვიცი, ჩამოვყალიბდებით ყველანი ერთად და ვფიქრობ, ჩვენ თავადაც არ უნდა შევუწყოთ ხელი ხელისუფლებას იმაში, რისი წადილიც აქვთ – მაქსიმალურად გაწელონ დროში პროცესი". – თქვა მელიამ.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ის ამბობს, რომ "კეთდება ყველა ის საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. შედეგი გვაქვს ის, რაც ნანახია, რაზეც საუბრობენ თუნდაც ჩვენი ექიმები, რაზეც საუბრობენ თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები".

კომენტარები