მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: ადამიანის უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა ვივამედში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მეუფეს თქმით, სააკაშვილი ძალიან გამხდარია და ის თვლის, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა გააგრძელოს. 

"მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს, ძირითადად, ჩვენი საუბარი ამქვეყნიურ ამბებს საერთოდ არ ეხება. ძირითადად, სულიერ საკითხებს ეხება. იმიტომ, რომ მე ამას წინათაც გამოვაცხადე და ახლაც მინდა, ვთქვა - მე ჩემს პირად სურვილს ხმამაღლა ვამბობ. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა გააგრძელოს. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მე მას ზეთი მთელ სხეულზე მთლიანად წავუსვი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი ადამიანს კურნავს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მარტო ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და სააკაშვილმა აუცილებლად უნდა იმკურნალოს. რაც შეეხება მის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია. ადამიანის კიდევ უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია". - თქვა მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა ვივამედის დატოვების შემდეგ. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები