რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსული თავდაცვითი ნაგებობები თანამედროვე დარტყმებისადმი შესაძლოა დაუცველი იყოს

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო თვითმავალ ჰაუბიცაზე, უკრაინა, 2022 წლის 29 მარტი
ТАСС

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური წერს, რომ ბოლო კვირებში ფრონტის ხაზის გასწვრივ ვრცელი თავდაცვითი პოზიციების ასაშენებლად რუსული შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. ამავე ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალებისთვის პრიორიტეტი, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვეს გარშემო მიმდებარე ტერიტორიაა. 

"რუსული კონსტრუქციები გამაგრების ტრადიციულ სამხედრო გეგმებს მიჰყვება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დიდწილად, უცვლელია. ასეთი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, თანამედროვე, ზუსტი, არაპირდაპირი დარტყმების მიმართ დაუცველი იქნება". – წერია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

ასევე, ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ძირითადი თავდაცვითი ხაზების მშენებლობა რუსეთის მიერ პოზიციურ ომზე დაბრუნების კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ტიპის ომს დასავლეთის თანამედროვე ძალები, დიდწილად, აღარ მიმართავენ. 

პოზიციურ ომს ხშირად დიდი სიგრძის, გამაგრებულ ფრონტებზე ბრძოლისას მიმართავენ, რომელიც ნელი და სტაბილური თავდასხმითი მოქმედებებით გამოირჩევა.

კომენტარები