მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტი მთავრობას: გაათავისუფლეთ სააკაშვილი, მიეცეს უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობა

მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადონ მისი სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ საფუძველზე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.

პლენარულ სხდომაზე განხილულ შესწორებებში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ გაუარესებაზე და მასზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.

"ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დოქტორი დევიდ სმიტის ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონის მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მის ჯანმრთელობის სწრაფად დაქვეითებას; იმეორებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება". – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, რეზოლუციის შესწორებებში გაჩნდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახელიც, რომელსაც სთხოვენ, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.

"რეზოლუცია იწვევს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებები ამ საკითხის გადასაჭრელად; მოუწოდებს კომისიის ვიცეპრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში [ჯოზეფ ბორელს], აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში; კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას სათანადო მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული მიზნით, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება". – ნათქვამია შესწორებაში.

კომენტარები