საქართველო-ევროკავშირი

ივანიშვილის სანქცირება, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება – ევროპარლამენტის რეზოლუცია

European Union

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზე შედგენილ რეზოლუციას რეგისტრირებული 608 ევროპარლამენტარიდან მხარი 430-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 52 წავიდა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის საბოლოო სახის მისაღებად ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს დეპუტატების მიერ ინიცირებულ შესწორებებს, მათ შორის, 275 დეპუტატმა 212-ის წინააღდეგ მხარი დაუჭირა EPP-ის წევრის, მირამ ლექსმანის შესწორებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის თავში, რომელშიც ევროპარლამენტი რეკომენდაციას გასცემდა, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენები აღმოფხვრილიყო, დაემატა ჩანაწერი:

"რეზოლუცია კვლავ მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილსა და ყველა იმ პირზე, რომელიც შესაძლებელს ხდის და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე".

ამასთან, ევროპარლამენტი კიდევ ეთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარულ საფუძველზე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.

რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს საქმეებს მედიის თანამშრომლების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციაში პირდაპირაა ნახსენები მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე.

"ამ კუთხით რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეებზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებზე, მიუხედავად საქმის მიმართ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვებისა". – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციის შესწორებებში გაჩნდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახელიც, რომელსაც სთხოვენ, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.

ევროპარლამენტარები მიღებული რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია ქვეყანამ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შეასრულოს.

ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებსა და პარტნიორებზე. დეპუტატები "უსაფუძვლოს" უწოდებს ბრალდებებს, რომ პარტნიორები "საქართველოს ომში ჩათრევას" ცდილობენ.

კომენტარები