მიხეილ სააკაშვილი

იუსტიცია: სააკაშვილს ელექტრონული სიგარეტის მოხმარება შეეზღუდა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა. უწყება გადაწყვეტილებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის. 

"ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება". - სამინისტროს კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე POS TV-ის ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, ხომ არ აქვს საააკაშვილის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტის მოხმარებას, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილი ელექტრონულ სიგარეტს ნამდვილად ეწევა, თუმცა, მისივე სიტყვებით, უჭირს შეფასება, აქვს თუ არა ამას უარყოფითი გავლენა ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე. 

ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

კომენტარები