კოსოვო-სერბეთი

სერბეთი NATO-ს კოსოვოში სერბი სამხედროებისა და პოლიციის განლაგების ნებართვას სთხოვს

REUTERS/Johanna Geron

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, ისინი NATO-ს სამშვიდობო ძალებს კოსოვოსა და მეტოქიაში სერბი სამხედროებისა და პოლიციის განთავსების ნებართვას სთხოვენ, თუმცა სერბეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ალიანსის მიერ მოთხოვნის დამტკიცების შანსი არ არსებობს.

ვუჩიჩს განცხადება მოჰყვა დაპირისპირებების სერიას კოსოვოს ხელისუფლებასა და ადგილობრივ სერბებს შორს. სერბები კოსოვოს ჩრდოლოეთ რაიონებში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სერბეთმა კოსოვოში ჯარების განლაგება მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დებულებების შესაბამისად, რომელმაც 1998-1999 წლებში კოსოვო-სერბეთის ომი დაასრულა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სერბეთს შეუძლია 1 000-მდე სამხედრო, პოლიციელი და საბაჟოს თანამშრომელი განათავსოს კოსოვოს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ცენტრებში, სერბი უმრავლესობით დასახლებულ რეგიონებსა და სასაზღვრო პუნქტებში, თუმცა ამგვარი განლაგება NATO-ს დაქვემდებარებში მყოფმა საერთაშორისო ძალების (KFOR) მეთაურმა უნდა დაადასტუროს.

აღსანიშნავია, რომ ამ რეზოლუციის მიღების დროს კოსოვო საერთაშორისოდ აღიარებული იყო სერბეთის ნაწილად, ხოლო 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობას დღეს 117 სახელმწიფო აღიარებს, მისი მთავარი მოწინააღმდეგე კი სერბეთია.

თითქმის 2 წელია, რაც მანქანის სანომრე ნიშნების კანონის გამო კოსოვოში მთავრობასა და ეთნიკურ სერბებს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს სერბულ უმცირესობას მხარს სერბეთი უჭერს. კოსოვოში დაახლოებით 50 000-მდე სერბი ცხოვრობს, რომლებიც პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებენ და თავს კვლავ სერბეთის ნაწილად მიიჩნევენ.

წელს კოსოვოს მთავრობამ სცადა, რომ სერბი მძღოლებისთვის 1999 წლამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როცა კოსოვო სერბეთის ნაწილი იყო, გაცემული სანომრე ნიშნები გამოეცვალათ. ამას სერბების წინააღმდეგობა მოჰყვა.

კოსოვოს სერბი მძღოლების დაჯარიმება ჯერ კიდევ 22 ნოემბერს უნდა დაეწყო, მას შემდეგ, რაც სერბეთთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, თუმცა, აშშ-ს თხოვნის საფუძველზე, პროცესის დაწყება 2 დღით გადადეს.

24 ნოემბრიდან კოსოვოს მთავრობას უნდა დაეწყო იმ ეთნიკური სერბების დაჯარიმება, რომლებიც სერბულ სანომრე ნიშნებს იყენებდნენ. ეს ნიშნავდა, რომ პრიშტინას 10 000-მდე ეთნიკური სერბი მძღოლის დაჯარიმება მოუწევდა. ევროკავშირის შუამავლობით, კოსოვომ და სერბეთმა მანქანის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, რომელზეც დასავლეთში შიშობდნენ, რომ, შესაძლოა, ეთნიკური დაპირისპირება მოჰყოლოდა, შეთანხმებას მიაღწიეს.

კომენტარები