კოსოვო-სერბეთი

კოსოვომ და სერბეთმა სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

EULEX-ის (ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია კოსოვოში) პოლიციელები კოსოვოს ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქ მიტროვიცაში, 2022 წლის 18 ნოემბერი.
REUTERS/Laura Hasani

ევროკავშირის შუამავლობით, კოსოვომ და სერბეთმა მანქანის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე, რომელზეც დასავლეთში შიშობდნენ, რომ, შესაძლოა, ეთნიკური დაპირისპირება მოჰყოლოდა, შეთანხმებას მიაღწიეს. უთანხმოება თითქმის 2 წელი გრძელდებოდა. 

შეთანხმების შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. 

"შეთანხმებას მივაღწიეთ! მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ კოსოვოსა და სერბეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის შუამავლობით, შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აიცილონ მეტი ესკალაცია და სრულად იყვნენ კონცენტრირებული მათი ურთიერთობის ნორმალიზაციაზე". – წერს ბორელი.

როგორც ბორელი წერს, სერბეთი შეწყვეტს საკუთარი სანომრე ნიშნების გაცემას, ხოლო კოსოვო აღარ გააგრძელებს მანქანების ხელახლა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

ბორელი მომდევნო დღეებში სასაუბროდ ორივე მხარეს მოიწვევს, რათა განიხილონ ურთიერთობის ნორმალიზაციის ევროკავშირის შეთავაზება, რომელსაც მხარს გერმანია და საფრანგეთიც უჭერენ.

მხარეებს შორის შეთანხმებას მიესალმება აშშ.

24 ნოემბრიდან კოსოვოს მთავრობას უნდა დაეწყო იმ ეთნიკური სერბების დაჯარიმება, რომლებიც სერბულ სანომრე ნიშნებს იყენებდნენ. ეს ნიშნავდა, რომ პრიშტინას 10 000-მდე ეთნიკური სერბი მძღოლის დაჯარიმება მოუწევდა. 

თითქმის 2 წელია, რაც მანქანის სანომრე ნიშნების კანონის გამო, კოსოვოში მთავრობასა და ეთნიკურ სერბებს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს სერბულ უმცირესობას მხარს სერბეთი უჭერს. კოსოვოში დაახლოებით 50 000-მდე სერბი ცხოვრობს, რომლებიც პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებენ და თავს კვლავ სერბეთის ნაწილად მიიჩნევენ.

წელს კოსოვოს მთავრობამ სცადა, რომ სერბი მძღოლებისთვის 1999 წლამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როცა კოსოვო სერბეთის ნაწილი იყო, გაცემული სანომრე ნიშნები გამოეცვალათ. ამას სერბების წინააღმდეგობა მოჰყვა.

კოსოვოს სერბი მძღოლების დაჯარიმება ჯერ კიდევ 22 ნოემბერს უნდა დაეწყო, მას შემდეგ, რაც სერბეთთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, თუმცა, აშშ-ს თხოვნის საფუძველზე, პროცესის დაწყება 2 დღით გადადეს.

კოსოვოში NATO-ს 3 700 მშვიდობისმყოფელი იმყოფება.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კომენტარები