დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე

კოსოვომ სერბებთან სიტუაციის შესაძლო გამწვავების გამომწვევი პროცესის ამოქმედება გადადო

EULEX-ის (ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია კოსოვოში) პოლიციელები კოსოვოს ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქ მიტროვიცაში, 2022 წლის 18 ნოემბერი.
REUTERS/Laura Hasani

კოსოვომ გადადო საკუთარი გეგმა, დაეწყო იმ ეთნიკური სერბების დაჯარიმება, რომლებიც სერბეთის გაცემულ ძველ სანომრე ნიშნებს იყენებენ. პრიშტინამ დაჯარიმების პროცესის დაწყება 2 დღით გადადო, მას შემდეგ, რაც პროცესის შეფერხება აშშ-მ და ევროკავშირმა ეთნიკური ძალადობის დაწყების შიშის გამო მოითხოვა.

უკვე 2 წელია, რაც მანქანის სანომრე ნიშნების კანონის გამო, კოსოვოში მთავრობასა და ეთნიკურ სერბებს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს სერბულ უმცირესობას მხარს სერბეთი უჭერს. კოსოვოში დაახლოებით 50 000-მდე სერბი ცხოვრობს, რომლებიც პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებენ და თავს კვლავ სერბეთის ნაწილად მიიჩნევენ.

მას შემდეგ, რაც პრიშტინამ გამოაცხადა, რომ მანქანის სანომრო ნიშნების კანონი, საბოლოოდ, ძალაში შედიოდა და სერბული ნომრები კოსოვოს ნომრებით უნდა ჩაენაცვლებინათ, სერბული უმცირესობის ასობით პოლიციელმა, მოსამართლემ, პროკურორმა და საჯარო სამსახურების სხვა მოხელეებმა სამუშაო ადგილები დატოვეს.

"ვიღებ მის (ამერიკის ელჩის) თხოვნას, 48 საათით გადადებაზე... მოხარული ვარ აშშ-სთან და ევროკავშირთან მომდევნო ორ დღეში გამოსავლის პოვნაზე მუშაობის". – დაწერა Twitter-ზე კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ალბინ კურტიმ.

აქამდე კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ დაჯარიმებას 22 ნოემბრის 08:00-დან დაიწყებდნენ და ეს 10 000-მდე მძღოლს შეეხებოდა.

საკითხთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს პრიშტინასა და ბელგრადს შორის, ევოკავშირის შუამავლობით, სასწრაფო მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც მოლაპარაკებებს უძღვებოდა, შეთანხმების მიუღწევლობაში ძირითადად კოსოვო დაადანაშაულა, რადგან მათ არ მიიღეს ევროკავშირის შეთავაზება, თუ როგორ მოეგვარებინათ სანომრე ნიშნების პრობლემა.

კურტის თქმით, კოსოვოს უფრო მეტად აინტერესებს სერბეთთან საბოლოო შეთანხმების გაფორმება, რომლითაც მხარეები ერთმანეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა 21 ნოემბერს თქვა, რომ მისი ქვეყანა კოსოვოში სანომრე ნიშნების გაცემასა და განახლებას შეწყვეტდა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ დაძაბულობა მზარდია.

"ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ დაზვერვის ინფორმაცია, სიტუაცია ძალიან რთულადაა და კონფლიქტთან პირასაა". – თქვა ვუჩიჩმა. 

NATO-მ, რომელსაც კოსოვოში 3 700 მშვიდობისმყოფელი ჰყავს, განაცხადა, რომ ინტერვენციისთვის მზად არიან, თუ უსაფრთხოების სიტუაციას საფრთხე შეექმნება.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კომენტარები