თბილისის მერია

მერია: მებრძოლების ფოტოები ნაძვის ხიდან გადავიტანეთ – ახალ წელს უკრაინაშიც ხვდებიან

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ფოტოები, რომლებიც თავისუფლების მოედანზე, საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში, ჯებირებზე იყო განთავსებული, დროებით გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაიტანეს.

მერია გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს რთავენ უკრაინაშიც კი, ხოლო პოლიტიკოსების მცდელობა, "თბილისელებს წაართვან ახალი წელი", მორალურ ჩარჩოშიებში არ ჯდება.

"ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა.

ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ". – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

3 დეკემბერს უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შემდეგ მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა თავისუფლების მოედანზე განთავსებულ საახალწლო ილუმინაციების გარშემო დაღუპულთა ფოტოები მიიტანეს და ჯებირებს გლოვის ნიშნად შავი ლენტები შეაბეს.

მერიამ ქალაქის საახალწლო სლოგანად "მშვიდობის ქალაქი" აირჩია. "მშვიდობას" მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება კოსნპიროლოგიურ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პროპაგადაში იყენებდა.

კომენტარები