მიხეილ სააკაშვილი

"არ არის მასთან შეხვედრა" – საგარეოში ამბობენ, რომ ანდრეი კასიანოვთან შეხვედრა არ გაიმართება

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"არ არის მასთან შეხვედრა" - ასე პასუხობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვას, გაუქმდა თუ არა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ადრეი კასიანოვთან შეხვედრა. უწყებაში ტაბულას დამატებით კითხვებს არ უპასუხეს. 

დღეს, 6 დეკემბერს ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს პირადად დააყენებდა. 

"უკრაინის მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ". - თქვა კასიანოვმა.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო.  

ამასთანავე, ემპათიას განცხადების მიხედვით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები ნეირო-ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და მხედველობის მხრივ. მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, "რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც". 

კომენტარები