რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნულანდი: ძალიან ნათელია, რომ პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

ვიქტორია ნულანდი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდის თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას გულწრფელი არ არის

"დიპლომატია აშკარად ყველას მიზანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მეორე მხარესაც სურდეს. და ძალიან ნათელია, რომ პუტინი ამისთვის მზად არ არის. ამას ადასტურებს როგორც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ისე კრემლის რიტორიკა". - თქვა ნულანდმა 3 დეკემბერს, კიევში ვიზიტისას.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იგი მზად არის პუტინთან საუბრისთვის, თუ რუსეთის ლიდერის ომის დასრულება სურს. ბაიდენის საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ დიალოგისთვის საჭიროა, დასავლეთმა მოსკოვის მიერ გამოცხადებული უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია აღიაროს. 

"რუსეთის ეს რეაქცია აჩვენებს, თუ რამდენად არასერიოზულები არიან ისინი". - თქვა ნულანდმა. 

ნულანდი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა. 

"უკრაინის გამარჯვება, რომელიც აუცილებლად დადგება, ჩვენი ერთობლივი გამარჯვება იქნება". - თქვა ერმაკმა ნულანდთან შეხვედრისას. 

ნულანდის ვიზიტის პარალელურად, კალიფორნიაში გამართულ რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთი მიზანმიმართულ სისასტიკეში დაადანაშაულა და თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას მიზანში განზრახ იღებს. 

"რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსული თავდასხმების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა". - თქვა ოსტინმა. 

კომენტარები