რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: ბელარუსს, ისევე როგორც რუსეთს, ომი არ სურს

რუსული და ბელარუსული სახელმწიფო მედიების ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შესახვედრად მინსკში გაემგზავრა

რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას სამხედრო წვრთნებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. 

ლუკაშენკომ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადმოიცემოდა აღნიშნა, რომ ბელარუსს, ისევე, როგორც რუსეთს, ომი არ სურს, ხოლო ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, უკრაინელების ქმედებების შედეგია.

"ჩვენ აქ ჩრდილში არ ვიმალებით. ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, თუ სად ვიდექით. არც თქვენ [რუსეთს] და არც ჩვენ არ გვსურდა და გვსურს ეს ომი. ყოფილმა პრეზიდენტმა, პიოტრ პოროშენკომ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, ალბათ ნახეთ, თუ რისთვის სჭირდებოდა მინსკის შეთანხმება, 2014 წლის მოლაპარაკებები და ა.შ. თურმე ომისთვის ემზადებოდა - და მაინც ჩვენ გვაბრალებენ... გამოდის, ისინი ომისთვის ემზადებოდნენ და დღეს ამ შედეგებს იმკიან". - თქვა ლუკაშენკომ. 

პოროშენკომ 21 ნოემბრის ინტერვიუში, სადაც ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, ომის მზადებაზე საუბრობს, თქვა, რომ მინსკის შეთანხმება უკრაინისთვის ომი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი - ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახლა შექმნისთვის.

"უკრაინისთვის მინსკის შეთანხმება ორი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. პირველი - ეს იყო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტია, ხოლო მეორე - მინსკის შეთანხმებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების შექმნას შეუწყო ხელი, რადგან მაშინ, როდესაც მე პრეზიდენტად ამირჩიეს, უკრაინას ჯარი თითქმის საერთოდ არ ჰყავდა". - თქვა პოროშენკომ.  

ლუკაშენკოს გარდა, შოიგუ ბელარუსის თავდაცვის მინისტრს, ვიქტორ ხრენინსაც შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

"ბელარუსის რესპუბლიკა იყო და რჩება ჩვენს საიმედო პარტნიორად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, დასავლეთის კოლექტიური, უპრეცედენტო ზეწოლისა და ჩვენ წინააღმდეგ გამოცხადებული ომის პირობებში". - თქვა შოიგუმ.

ბელარუსი მოსკოვის ყველაზე მტკიცე მოკავშირეებს შორისაა. ამას ადასტურებს ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბელარუსმა მოსკოვთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართა. 

კომენტარები