ტელეკომპანია Дождь

Дождь-მა რუსი სამხედროების მხარდაჭერისთვის თანამშრომელი გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა

დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь თანამშრომელი, რომელმაც გადაცემის Здесь и сейчас პირდაპირ ეთერში რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინა კოტრიკაძე ავრცელებს.

"ჩვენს ეთერში გაჟღერებული ფრაზა მცდარი და კატეგორიულად მიუღებელია ტელეკომპანია Дождь-ის სარედაქციო საბჭოსთვის. ფრაზამ მაყურებლის ნაწილს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩვენი არხი რუსულ არმიას აღჭურვილობას უგზავნის. ეს სრულებით არასწორია - ტელეკომპანია Дождь-ი ამით არ არის დაკავებული და არც არასდროს დაკავდება მსგავსი ქმედებებით. გვესმის თუ რამდენად საეჭვოდ ჟღერდა ჩვენი კოლეგის ფრაზა თქვენთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ამ საშინელი ომის შედეგები, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ჩვენ წინააღმდეგი ვართ უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ომი დანაშაულებრივია და მობილიზაცია დანაშაული და გაუმართლებელია. ჩვენთვის სრულებით მიუღებელია მსგავსი ენის პირდაპირ ეთერში გამოყენება, რომელმაც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყანოს ჩვენი პოზიცია. შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება დღეიდან შევაჩეროთ თანამშრომლობა ალექსეი კარასტელიოვთან. ეს ჩვენთვის რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ამას [გათავისუფლებას] ერთადერთ სამართლიან და შესაძლებელ ნაბიჯად მიიჩნევს". - თქვა კოტრიკაძემ.

1 დეკემბერს გადაცემაში Здесь и сейчас წამყვანმა თქვა ფრაზა: "გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები [email protected]ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედროს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით ან უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით".

ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, ტიხონ ძიადკოს განმარტებით, [email protected] შეიქმნა იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულებზე და რუსეთის ფედერაციაში კრიმინალური და გაუმართლებელი მობილიზაციის დროს ჩადენილ დარღვევებზე.

პარალელურად, რამდენიმე დღის წინ, ლატვიაში გადაბარგებული ტელეკომპანია Дождь-ი ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ 10 000 ევროთი დააჯარიმა. საბჭოს თავმჯდომარის, ივარს აბოლშინის თქმით, ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას "ჩვენი არმია" უწოდა.

რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

კომენტარები