ენმ

"დადგინდეს არჩევნების თარიღი" – ენმ-ის წევრები მელიას მოუწოდებენ, პოლიტსაბჭო მოიწვიოს

ენმ-ს წევრთა ნაწილი - ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართავენ, მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა და დადგინდეს თავმჯდომარის არჩევნების თარიღი. პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, არჩევნების გადადება ენმ-ს ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება. 

"მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისათვის მივმართავთ დღეს პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს ეს სხდომა, განისაზღვროს წესი და დადგინდეს ეს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს, ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით, ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება 

პარტიის ინტერესებისათვის არ იქნება სასარგებლო ამ პროცესის გაჭიანურება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული. ჩვენ ველით შემხვედრ ნაბიჯებს". - თქვა მან. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვენ. პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება".

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.  

ამ დროისთვის, თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე არიან. თავმჯდომარეობის სურვილი გამოთქვა გიორგი ჩალაძემაც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

კომენტარები