აშშ-ჩინეთი

აშშ-ს კოსმოსურ ძალებში შიშობენ, რომ ჩინეთი სამხედრო კოსმოსურ რბოლაში მზარდი საფრთხეა

გენერალ-ლეიტენანტი ნინა მ. არმაგნო
Eric Dietrich/U.S Air Force

აშშ-ს კოსმოსურ ძალებში შიშობენ, რომ ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების სწრაფი ზრდა კოსმოსში ამერიკის უპირატესობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ აშშ-ს კოსმოსური ძალების მეთაურმა, ნინა არმაგნომ ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ღონისძიებაზე ისაუბრა.

ნინა არმაგნოს თქმით, პეკინმა სამხედრო კოსმოსური ტექნოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, მათ შორის ხელოვნური თანამგზავრების კომუნიკაციებსა და მრავალჯერად კოსმოსური დანადგარებში, რომლებიც ქვეყნებს კოსმოსური პროგრამების სწრაფად დახვეწაში ეხმარება.

"ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია ისინი დაგვეწიონ და გვაჯობონ, აბსოლუტურად... მათი წინსვლა გასაოცარია, გასაოცრად სწრაფი". – თქვა არმაგნომ.

ისტორიულად, კოსმოსურ რბოლაში დაწინაურებელი ქვეყნები აშშ და რუსეთი იყვნენ, ჩინეთი კი მათ ჩამორჩებოდა. პეკინის ბოლო პერიოდის წინსვლა ვაშინგტონისა და დასავლური ქვეყნებისთვის შფოთვის საგანი გახდა.

ჩინეთი ცდილობს, რომ შექმნას ექსპერიმენტული ტექნოლოგია ასტეროიდებისა და პლანეტებიდან ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად.

"[ჩინეთი] ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს როგორც საერთაშორისო წესრიგის გარდაქმნა, ისე მზარდად, ეკონომიკურად, დიპლომატიურად, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალით მიაღწიოს ამ მიზანს". – თქვა აშშ-ს კოსმოსური ძალების მეთაურმა.

არმაგნომ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთმა, ისევე, როგორც რუსეთმა, კოსმოსში ჩაატარა რაკეტების "უპასუხისმგებლო" გამოცდები, რამაც, ბოლო წლებში, კოსმოსური ნარჩენების სახიფათო რაოდენობა წარმოქმნა.

"ეს ნარჩენები კოსმოსში ჩვენს მთელ სისტემას საფრთხეს უქმნის და ეს სისტემები სასიცოცხლოა ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკა და სამეცნიერო ინტერესებისთვის". – თქვა აშშ-ს კოსმოსური ძალების მეთაურმა.

წარსულში, ჩინეთის მთვარის გამოკვლევის პროგრამის ხელმძღვანელმა, იე პეიჯიანმა მარსი და მთვარე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო კუნძულებს შეადარა.

აშშ-ს კოსმოსური ძალები აშშ-ს სამხედრო სტრუქტურის მეოთხე შტოა, რომელიც 2019 წელს დაარსდა, ჩინეთის მზარდი შესაძლებლობების გამო. არმაგნო დეპარტამენტის პირველი ლიდერია.

კომენტარები