საქართველოს დელეგაცია გაეროში

საქართველომ ხმა არ მისცა გაეროს რეზოლუციას ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

საქართველოს დელეგაციამ გაეროს გენერალური ასამბლეის ე.წ. მესამე კომიტეტის (სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებზე მომუშავე კომიტეტი) სხდომაზე ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის პროექტს ხმა არ მისცა. რეზოლუციას მხარი 79-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 28 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 68 კი კენჭისყრას არ დაესწრო. საქართველო სწორედ იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელიც კენჭისყრას არ დაესწრო.

რეზოლუციის მიხედვით, გაერო შეშფოთებას გამოხატავს ირანში ადამიანების სიკვდილით დასჯის საგანგაშოდ მაღალი სიხშირის გამო. ასევე, ასამბლეა მტკიცედ მოუწოდებს ირანს, რომ აღმოფხვრას ქალთა მიმართ ყველა სახის სისტემური დისკრმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. უზრუნველყოს ქალების უფლებების დაცვა, მათ შორის, ბავშვთა ადრეული და იძულებითი ქოქრინების აკრძალვით. უზრუნველყოფილი იყოს მათი თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, მართლმსაჯულებაზე და ა.შ.

აგრეთვე, რეზოლუციით გაერო მოუწოდებს ირანს, რომ შეწყვიტოს ძალის გადამეტებული გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ასევე, გაერო ირანს მოუწოდებს, რომ აღმოფხვრას ყველა სახის დისკრიმინაცია, რომელიც ხორციელდება ადამიანის აზრის, რელიგიის ან რწმენის საფუძველზე.

ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ხმა არ მისცეს, ან კენჭისყრას არ დაესწრნენ.

 


ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. 22 წლის ირანელი ქურთი, ამინი მორალის პოლიციის განყოფილებაში "არასათანადო ჩაცმულობისთვის" დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები