ირანი

ბრიტანეთი ირანელ მაღალჩინოსნებსა და ე.წ. მორალის პოლიციის თანამშრომლებს სანქციებს უწესებს

ბრიტანეთის მთავრობამ ირანის უსაფრთხოების ძალების მაღალჩინოსნებსა და ე.წ. მორალის პოლიციას სანქციები დაუწესა. მათ შორის, ირანის მორალის პოლიციის უფროსს, მუჰამედ როსტამ ჩეშმეჰ გაჩისა და თეირანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელს ჰაჯ აჰმედ მირზაის. 

"ეს სანქციები მკაფიო მესიჯს უგზავნის ირანის ხელისუფლებას - ჩვენ პასუხისმგებლობას ქალებისა და გოგონების რეპრესიებისა და იმ შოკისმომგვრელი ძალადობისთვის გაკისრებთ, რომელიც საკუთარ ხალხს თავად მიაყენეთ". - წერია საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლერლის განცხადებაში. 

მეოთხე კვირაა ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ირანული მედიის ცნობით, უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე, საპროტესტო აქციებზე RGC-ს, ბასიჯის და პოლიციის ძალების სულ მცირე 20 წევრი დაიღუპა. 

ირანის ქალაქებსა და დასახლებებიდან გავრცელებული ვიდეოები მოწმობს, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასევე, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურები სკოლებსა და უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების დასაკავებლად იჭრებიან. 

ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, სულ დემონსტრაციებზე ხელისუფლების მხრიდან ძალადობას 185 ადამიანის, მათ შორის, 19 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საჯაროდ გამოეხმაურა ირანში ბოლო წლების ყველაზე დიდ საპროტესტო გამოსვლებს - დაარღვია რამდენიმეკვირიანი დუმილი, დაგმო "არეულობა" და საპროტესტო აქციების დაგეგმვაში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა, იგი ჯერ კომაში ჩავარდა და შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევას თეირანში დემონსტრაციები მოჰყვა. მისი სიკვდილი დაგმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰეშთეგით - #MahsaAmini, რამაც Twitter-ზე 1,8 მილიონ გაზიარებას მიაღწია. 

პოლიციის მტკიცებით, ამინი ავად მაშინ გახდა, როდესაც სხვა ქალების დაკავებას მორალის პოლიციასთან ერთად ელოდებოდა. უწყება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებულ მკაცრ წესებს აკონტროლებს. კანონი ქალებს თმების დაფარვასა და საჯარო სივრცეში ფართო ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები