რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

რატომ არ აძევებენ ქვეყნიდან? – ბოკერია რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც ქართველებს აგინა

"რატომ არ არის ეს ადამიანი გაძევებული საქართველოდან?" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია რუსეთის მოქალაქის მხრიდან ქართველების გინების ფაქტს. საგანგებო ბრიფინგზე ბოკერიამ თქვა, რომ ხელისუფლების მიმართ ეს რიტორიკული კითხვა აქვს.

"რა თქმა უნდა, ასეთი რამე შეიძლება მოხდეს და ამას ვერ გააკონტროლებს ვერცერთი ხელისუფლება, რომ შემოსული მოქალაქე სხვა ქვეყნის და ამ შემთხვევაში, მტრული ქვეყნისაც კი, სადღაც მოიქცა ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელად. აქ საუბარი არის სხვა რამეზე... ამაზე ჩვენი ხელისუფლების რეაქცია იყო, თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და პოლიტიკური რეაქცია რეჟიმის წარმომადგენლების, დღეს რაც გავიგე და მოვისმინე, იყო, რომ ზედმეტად მძიმედ არ უნდა დაისაჯოს ეს ადამიანიო. ასეთი იყო განცხადების შინაარსი.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს, ეს არ არის მიმართვა ამ ხელისუფლებისადმი, მე ამ რეჟიმისგან არაფერს არ მოველი, მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემდე მივიდეს ის სურათი, როგორი მკაფიო კატასტროფული სურათი გვაქვს ამ ხელისუფლების ხელში.

რატომ არ არის ეს ადამიანი გაძევებული საქართველოდან? ის არ არის საქართველოს მოქალაქე, აქ არ არის ლაპარაკი დასჯაზე, ციხეში რამდენ ხანს იჯდება. რატომ უნდა იყოს საქართველოში? ასეთი უფლება სხვა არცერთი და მითუმეტეს მტრული ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდეს. როცა ადამიანი ასე იქცევა, ის გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას, არის საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის, ნებისმიერ მომენტში ასეთი ქმედება შეიძლება მოჰყვეს ინციდენტი, რასაც ეს რეჟიმი და პუტინის რეჟიმი გამოიყენებს ახალი პროპაგანდისთვის, რასაც უკვე ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.

ყველა მოქალაქე უნდა დაფიქრდეს, რა შეფასება ეკუთვნის ისეთ რეჟიმს, რომელიც ასეთ დროს არ იყენებს მის სუვერენულ უფლებას, გააძევოს ქვეყნიდან" - ამბობს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერმა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი მოიყვანა, რომლის 51-ე მუხლის გ- ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელის ქვეყნიდან გაძევება შეიძლება თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

"ეს ჩანაწერი თუ ასეთი შემთხვევებისთვის არ არის, აბა, როგორი შემთხვევებისთვის უნდა იყოს? რა უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს თუ არა მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლის ასეთი ქცევა ქვეყანაში?" - კითხულობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში "პატრიოტიზმს ამოფარებული მოღალატეები არიან" და "ასეთ ელემენტარულ შემთხვევაშიც კი, იმ უფლებამოსილებას არ იყენებენ, რაც ამ ქვეყნის წინაშე გააჩნიათ უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის და ღირსების დასაცავად".

"სხვა დროს, არა რეალური მტრის, არამედ, მოგონილი მტრების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ,  მათ დემონიზებაზე იხარჯება უზარმაზარი რესურსები, ტყუილით, ბოდვით და მოგონებით ამბების, როგორ ცდილობს დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დასავლეთში სისხლისღვრას და ჩვენი ეროვნული იდენტობის გაქრობას" - თქვა ბოკერიამ.


ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთი მოქალაქე ქუჩაში დგას და ქართველებს აგინებს, 5 ნოემბერს, Facebook-ზე გავრცელდა. 6 ნოემბერს პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავაერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია. 

"ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე და დღეს ის უკვე თავისუფალი, მან დატოვა მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათშივე. პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან - სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში". - ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, რუსი ოლიგარქი, ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის "Boyevoe Bratstvo"-ს სპონსორი, - "ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები. კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს რამზად კადიროვთან დაახლოვებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან.

ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში. ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?! მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებით გომელაურს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება რომ ამ კონკრეტული ოლიგარქის ოჯახი თბილისში ცხოვრობს". - ამბობს მელია.

კომენტარები