მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხაჭაპურიძე: სააკაშვილის ერთ-ერთი დიაგნოზი დემენციაა, დაუდგინდა ტუბერკულოზიც

განახლება: შალვა ხაჭაპურიძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში დააზუსტა, რომ საუბარია სავარაუდო დიაგნოზებზე და ეს საბოლოოდ დადგენილი არ არის.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, "ამერიკელმა ექიმებმა და ექსპერტებმა სააკაშვილს არაერთი დაავადების დიაგნოზი" დაუსვეს, რომელთაგან წამყვანი დემენციაა. ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ "ეს არის განუკურნებელი დაავადება და შედის ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანებულებაში, რომლის მიხედვითაც სასჯელისგან გათავისუფლება ხდება". ხაჭაპურიძემ ასევე თქვა, რომ სააკაშვილს გერმანელებმა ტუბერკულოზის დიაგნოზიც დაუსვეს.

"დემენცია ერთი კი არა, ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზებში აქვს. დღეს კი მას ტუბერკულოზის ჩხირი დაუდგინდა. თქვენ რას ფიქრობთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ტუბერკულიოზით შემოვიდა? მე მეეჭვება. მის ტუბერკულოზზე პასუხი გერმანელებისგან მომივიდა. კლინიკა ვივამედამდე ის რუსთავის ციხეში, გლდანის მე-18 დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, არ ვიცი, კონკრეტულად სად დაემართა. თუმცა, ეს პასუხი გერმანიიდან ჩამოვიდა. თვითონ ეს ჯერ არც იცის, მე ამას საჯაროდ ახლა პირველად ვამბობ". - ამბობს ხაჭაპურიძე Georgian Times-ის ეთერში.

შალვა ხაჭაპურიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "უფრო და უფრო უარესდება და ყოველ კვირას ახალი დაავადება ემატება". მისი თქმით, ექსპრეზიდენტს "თვალთ დააკლდა, რის გამოც წიგნების კითხვას ვეღარ ახერხებს". ასევე, ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და აქვს სისტემატურად მაღალი ტემპერატურა.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დაიდება, ადვოკატები სასამართლოს შესაბამისი პროცედურებისთვის მიმართავენ.

კომენტარები