რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში იმაზე მეტი ადამიანია მობილიზებული, ვიდრე იგეგმებოდა - პუტინი

რუსეთში თავდაპირველად დაგეგმილ, 300 000-ზე მეტი ადამიანია მობილიზებული. ამის შესახებ თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა

"უკვე 318 000 [მობილიზებული] გვყავს. რატომ 318 000? რადგან მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, 49 000 მობილიზებული უკვე ჯარში იმყოფება და საბრძოლო დავალებებს ასრულებენ.

31 ოქტომბერს რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადეს.

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სექტემბერში გამოცხადებული 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი მობილიზაცია" დასრულდა და, მისივე თქმით, 300 000 მობილიზებული რეზერვისტიდან 218 000 ისევ წვრთნებს გადის, ხოლო 82 000 უკვე ბრძოლის ველზეა - აქედან 41 000 აქტიურ სამსახურში.

შოიგუს თქმით, საბრძოლო მოქმედებების რაიონებში გაგზავნილია 87 000 მობილიზებული.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინი ამბობდა, რომ სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც გამოცდილება ჰქონდა. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. 

რუსეთიდან საქართველოში სექტემბერში 222 274 ადამიანი შემოვიდა – შსს-ს სტატისტიკა

რუსი სამხედრო ასაკის მქონე ათიათასობით კაცი თავის ქვეყნიდან საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში გადავიდნენ - იმ სახელმწიფოებში, სადაც ვიზა არ სჭირდებათ. ნაწილობრივ მობილიზაციას მოჰყვა პროტესტი რუსეთის დიდ ქალაქებში. რუსეთის მასშტაბით ანტიმობილიზაციის საპროტესტო აქციებზე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სექტემბრის ბოლოს პუტინმა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა და მათი გადახედვა მოითხოვა. ამას გარდა, უკვე ოქტომბერში, პუტინმა მობილიზაციის პროცესის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

კომენტარები