რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიონეტი ლიდერი: სავარაუდოდ, ჩვენი სამხედროები ხერსონის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ

რუსი ოკუპანტი ხერსონში, ფონზე ე.წ. გამარჯვების დროშა
(Konstantin Mihalchevskiy/Sputnik)

რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო დატოვონ და დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ. ამის შესახებ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ისაუბრა

"დიდი ალბათობით, ჩვენი სამხედროები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც, ვერ მოასწრეს ხერსონიდან გასვლა, ქალაქიდან მარცხენა ნაპირზე მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადავიდნენ". – თქვა სტრემოუსოვმა.

ხერსონის მარიონეტულ რეჟიმს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა სურდა. ამის შესახებ 18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ ისაუბრა. სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.

სალდომ 18 ოქტომბერს თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

უკრაინის დაზვერვისა და სამხედრო ანალიტიკური ცენტრების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები მიმდინარე დღეებში ქალაქ ხერსონში მაგრდებოდნენ და მძიმე ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ. 24 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტმა ადმინისტრაციამ ქალაქის ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირება დაიწყო.

კომენტარები