ქართული ოცნება

"ამ შტერობას რომ დასვამ, რა გიპასუხო" – ზარქუა კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი

ირაკლი ზარქუა

"ამ შტერობა კითხვას რომ დასვამ, რა უნდა გიპასუხო". - ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.  

ზარქუას მტკიცებით, "ბიძინა არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ქვეყანა" და მას დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ შეეხება. 

"შტერობაა ეს, რაც იკითხე ახლა. არა, არავინ არ საუბრობს, შტერობაა. [შტერობა] კითხვაა და თუ მიიღებ, შენც გეხება ესე იგი. არავინ არასად არ კითხულობს, ამას კითხულობს ერთი არის ქალბატონი რასა, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური პარტნიორი ნაციონალური მოძრაობის და ფასიანი ლობისტი. გინდა, ეს მათქმევინო? აგერ, მიიღე, ოღონდ არ შემაწყვეტინო. მეორე არის ქალბატონი კუბილიუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი პარტიის წევრი ნაციონალური მოძრაობის. ეს 2 თუ 3 ადამიანი კითხულობს და ებრძვის ბიძინას. ბიძინა არის ქველმოქმედი, ბიძინა არის ის ადამიანი, რომელსაც უყვარს ქვეყანა". - მიმართა ზარქუამ ჟურნალისტს. 

დღეს, 31 ოქტომბერს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს.  

მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, ქვეყანამ მიიღო 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც სტატუსის მინიჭების წინაპირობაა. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა შეეხოს ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. იმავეს ამბობს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიენე - მისი სიტყვებით, "ყველას ესმის, რომ დეოლიგარქიზაცია პირველ რიგში დებიძინიზაციას გულისხმობს". თუმცა, ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს კანონი ვერ შეეხება. 

მმართველი პარტიის ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებენ უკრაინული ანალოგის მიხედვით, "რომელიც მოწონებულია ევროკავშირის მიერ". თუმცა, 5 ოქტომბერს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ "რაიმეს აღება საქართველოზე მორგების გარეშე კარგად არ იმუშავებს". 

კომენტარები