პოლიტიკური პროცესი

მელია: ერთიანი სია თავშივე განწირულია, უნდა გამოვკვეთოთ, რას გულისხმობს ერთიანობის იდეა

კადრი ვიდეოდან/ტვ პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია 3 ოპოზიციური პარტიის კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე საუბრისას ამბობს, რომ საჭიროა, გამოიკვეთოს, თუ რას გულიხმობს "ერთიანობის" იდეა. მელიას შეფასებით, ოპოზიციის ერთიანი სია თავშივე განწირულია.  

"უნდა გამოვკვეთოთ, ერთიანობის იდეა რას გულისხმობს. თუ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთ სუბიექტად გადაქცევა, ამას წინ არაფერი არ ედგა და არ დაუდგება, ხომ? ეს ცალსახაა. პირდაპირ გეუბნებით, ერთიანი სია არის თავშივე განწირული. უბრალოდ, წარმოუდგენელია, მით უფრო, თუ ჩვენ, ჯერ ერთიც, უნდა ვისაუბროთ, არჩევნები როგორ მოვიპოვოთ, მერე 2024 წელს, დავუშვათ, კალენდარით გაწერილი თუ არის არჩევნები, ეს არჩევნებიც მოსაპოვებელია, თავისუფალი არჩევნები მაქვს მხედველობაში. დავუშვათ, ის, რაც მოჩანს გვირაბის ბოლოს. არჩევნები თავისუფალ გარემოში ხომ გვინდა, ჩატარდეს? 

მე ვფიქრობ, რომ ამას ნათელი უნდა მოვფინოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო ნორმალური ან ნორმალურთან მიახლოებული გარემოს შექმნის გარშემოც თანამშრომლობას, მე აქ უბრალოდ ვხედავ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას - იქნება ეს საპარლამენტო, არსაპარლამენტო, მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი შეხედულებებით პოლიტიკურ პარტიებს თუ შორს მდგომი პოლიტიკური შეხედულებსი პარტიებს". - ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა პრაიმერისზე - ნიკა მელიას სიტყვებით, დღეს პრაიმერისის ჩატარება "თუ ვინმეს აწყობს, ეს არის ენმ". მელიას შეფასებით, პრაიმერისი კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. 

"პრაგმატულად, პრაიმერისში მონაწილეობის ახლა მიღება, თუ ვიწროპარტიული გადმოსახედიდან შევხედავთ ამ პროცესს, აწყობს ნაციონალურ მოძრაობას. უმაღლესი ალბათობით, აბსოლუტურად ყველაფერს მოიგებს. აქ რიტოტიკულ კითხვას დავსვამდი - განა აწყობს ეს საერთო პროცესს? განა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს ჩვენს კოლეგა პოლიტიკურ პარტიებს? განა მეტიც, დავუშვათ და შევედით ამ ტიპის გაერთიანებაში - გვაქვს იმის გარანტია, რომ ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩვენი კოლეგები დარჩებიანამ პლატფორმაზე? ეს, პრაქტიკულად, ბევრისთვის აღიქმება, რომ ბევრი მათგანი შემოვიდა და ინტეგრირდა ნაციონალურ მოძრაობაში - მე პირადად, არაფერი საწინააღმდეგო არ მექნება, ხომ?" - ამბობს მელია. 

ნიკა მელიას სიტყვებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "ყველაფერს მოიგებს", ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტიის ამომრჩეველთა მონაწილეობა უნდა შეიზღუდოს საჯარო პრაიმერისში, "ეს არ იქნება ბუნებრივი, ეს იქნება ხელოვნური".  

ნიკა მელიას თქმით, აქვს ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, რომელშიც არის წარმოდგენილი ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერისის ჩატარების შეთავაზება. მელიას სიტყვებით, დოკუმენტის მიხედვით კენჭისყრის შედეგად უნდა გამოიკვეთოს პრემიერობის კანდიდატი და საარჩევნო საერთო სიაში ის პოტენციური დეპუტატები, რომლებიც მომავალი მოწვევის პარლამენტში შევლენ.

"ჯერ ერთიც, მოდით, გულწრფელი ვიყოთ - რამდენი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას ამაში? არამგონია, რომ ძალიან ბევრი, რაც უკვე, თავისთავად, კონფლიქტური და კონფრონტაციულია.  

[...] თქვენ წარმოიდგინეთ, ენმ იღებს მონაწილეობას, ასპარეზობს და ყველაფერს არ იგებს? თუკი თხვენ მეტყვით, რომ რაღაცნაირად უნდა მივკრიჭოთ, მოვკრიჭოთ და ხელოვნურად დავაკონსერვოთ ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც პარტიას აქვს ამომრჩევლების სახით და მათ არ მივაღებინოთ მონაწილეობა, ეს ხომ იქნება, თუ რამე იქნება არასამართლიანი". - ამბობს ნიკა მელია.  


სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. პარტიების ლიდერების თქმით, გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნარტივა არ არსებობს".  

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის მიზნით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიცირებით მოლაპარაკებების რაუნდი დაიწყო. 

მალევე, მოლაპარაკებების დასრულებამდე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა. პარტია გირჩის წევრები (ზურაბ ჯაფარიძის გარდა, რომელმაც ეს პარტია მოლაპარაკებების პროცესში დატოვა) პარლამენტში იმავე პერიოდში მივიდნენ, თუმცა, სხდომებს საკანონმდებლო ორგანოში სხვა პარტიების შესვლამდე არ დასწრებიან. 

შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსის 4 წევრი, რომლებმაც საკუთარ თავს ევროპელი სოციალისტები უწოდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში რამდენიმე თვეში, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შევიდა, თუმცა, შეთანხმების ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც ქართულმა ოცნებამ ის გაუქმებულად გამოაცხადა. 

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპულ საქართველოსა და ლეიბორისტულ პარტიას. ასევე, ცალკეულ დეპუტატებს – კანონი და სამართალის ლიდერს, თაკო ჩარკვიანს და ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას. არცერთი მათგანი მოლაპარაკებებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა. თაკო ჩარკვიანს ფორმალურად მოლაპარაკებებზე სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენდა, რომლის ბლოკის ფარგლებშიც ის დეპუტატი გახდა. ჩარკვიანი პარლამენტში ენმ-ს წევრებთან ერთად შევიდა. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მან თქვა, რომ ვინაიდან პარტია დატოვა, მისი მანდატი ევროპულ საქართველოს ეკუთვნოდა. 

შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჯაფარიძეც შევიდა, თუმცა, მან მოგვიანებით ამ ნაბიჯს შეცდომა უწოდა. ჯაფარიძემ პარლამენტი 2021 წლის პირველ ნოემბერს დატოვა, იქიდან ორ კვირაში, პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. 

პარლამენტში ამ დრომდე რჩება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ოპოზიციის რამდენიმე ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატი, ასევე, მოქალაქეები, ევროპელი სოციალისტები და გირჩი.

კომენტარები