პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო, ოცნებამ თავზე დაგვახია ყველა პირობა

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

"კი, რა თქმა უნდა" - ასე უპასუხა გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფორმულას კითხვას - "ანუ პარლამენტში შესვლა იყო შეცდომა?". მან გადაცემა პოლიტმეტრში აღნიშნა, რომ ამ პარლამენტის არ სჯერა და მასკარადად მიიჩნევს.

"ეს აზრი არ შემიცვლია... თავმოყვარეობის ამბავიც არის, რაღაცაზე [შარლ მიშელის დოკუმენტზე] ხელი მოვაწერეთ, იმათ [ქართულ ოცნებას] უნდა შეესრულებინათ ხუთი პირობა და ჩვენ ერთი - შევსულიყავით პარლამენტში, იმათმა თავზე დაგვახიეს ხუთივე პირობა და მაშინ შენ რატომ ასრულებ ისევ, თუ შესვლა გინდოდა, საერთოდ რას ჯდებოდი მოლაპარაკების მაგიდაზე.

არ მჯერა, რომ ამ პარლამენტში შეიძლება გავიდეს რაიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, მანამ სანამ ეს პარლამენტი არსებობს, რომელიც ადამიანებს მისცემს მეტ თავისუფლებას და შეამცირებს ამ ხალხის ძალაუფლებას, პატარ-პატარა სისულელეები შეიძლება გავიდეს, ვიღაცებს შეიძლება შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ აი, ეს გავიდა, ის გავიდა, მაგრამ ვერც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეამცირებს იმათ ძალაუფლებას და გაზრდის ადამიანების თავისუფლებას, რაც საბოლოო ჯამში არის წინაპირობა ამ ქვეყნის კეთილდღეობის, ამ პარლამენტში ვერ გავა. ისინი არაფერს არ დათმობენ, არ დათმობენ არც ერთ გოჯს საკუთარ ძალაუფლების, ეგეთი ხალხია, ეგეთი სისტემაა, ეგეთი სისტემა დახვდათ, ეს სისტემა კიდევ უფრო გამართეს, მეტი ძალაუფლება ჩაიგდეს და მათ შეიძლება ეს მხოლოდ ძალით წაართვა" - თქვა ჯაფარიძემ.


15 თებერვალს მე-10 მოწვევის პარლამენტმა დეპუტატებს - ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს მანდატი შეუწყვიტა. ენმ-ს წევრებმა მოითხოვეს, ჩამორთმეული მანდატები მათ პარტიებს დაბრუნებოდა. ქართულმა ოცნებამ ინიციატივას "კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა

პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მოტივით შეუწყვიტა. 12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

მანდატის ჩამორთმევამდე ხუთი დღით ადრე, 10 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტმა იმავე საბაბით იმოქმედა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის მიზნით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიცირებით მოლაპარაკებების რაუნდი დაიწყო. 

მალევე, მოლაპარაკებების დასრულებამდე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა. პარტია გირჩის წევრები (ზურაბ ჯაფარიძის გარდა, რომელმაც ეს პარტია მოლაპარაკებების პროცესში დატოვა) პარლამენტში იმავე პერიოდში მივიდნენ, თუმცა, სხდომებს საკანონმდებლო ორგანოში სხვა პარტიების შესვლამდე არ დასწრებიან. 

შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსის 4 წევრი, რომლებმაც საკუთარ თავს ევროპელი სოციალისტები უწოდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში რამდენიმე თვეში, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, თუმცა, შეთანხმების ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერეს, რაც ქართულმა ოცნებამ ის გაუქმებულად გამოაცხადა. 

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპულ საქართველოსა და ლეიბორისტულ პარტიას. ასევე, ცალკეულ დეპუტატებს – კანონი და სამართალის ლიდერს, თაკო ჩარკვიანს და ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას. არცერთი მათგანი მოლაპარაკებებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა. თაკო ჩარკვიანს ფორმალურად მოლაპარაკებებზე სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენდა, რომლის ბლოკის ფარგლებშიც ის დეპუტატი გახდა. ჩარკვიანი პარლამენტში ენმ-ს წევრებთან ერთად შევიდა. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მან თქვა, რომ ვინაიდან პარტია დატოვა, მისი მანდატი ევროპულ საქართველოს ეკუთვნოდა. 

კომენტარები