რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერს ხელს – ბოლტონი

ჯონ ბოლტონი
Reuters

აშშ-ს უსაფრთხოების ყოფილმა მდივანმა, ჯონ ბოლტონმა ისაუბრა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსებზე. მისი თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ პუტინი ამ ექსტრემალურ ნაბიჯს გადადგამს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მან ასეთი ბრძანება გასცა, აშშ-ს შეუძლია მისი ფიზიკური განადგურება.

"ვფიქრობ, ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია, სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მცდელობა, რომ ის [პუტინი] შევაჩეროთ ამაზე ფიქრისგან. პუტინი მანამდე უკვე ბლეფაობდა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და ყველა ინდიკატორი მიანიშნებს, რომ მისი ახლანდელი საუბარიც ბლეფია. არ გამოვრიცხავ ბირთვული იარაღირს გამოყენების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ რუსული ძალები უკრაინაში ჩამოიშლებიან ან თუ პუტინი  საზარელ პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდება. ჩვენ უნდა გარკვევით გავაგებინოთ, რომ თუ ის გასცემს ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას, ის თვითმკვლელობის წერილს მოაწერს ხელს. ვფიქრობ, ამან შესაძლოა ის შეაჩეროს, თუ ექსტრემალურ ვითარებაში აღმოჩნდება". – თქვა ბოლტონმა.

ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს შეუძლია მიწვდეს პუტინს და მან ეს იცის. ბოლტონმა მაგალითად მოიყვანა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სპეციალური ელიტური დანაყოფის, ყუდსის ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სარაკეტო თავდასხმით მოკლეს.

"არ ვეთანხმები იმას, რომ არ შეგვიძლია მას მივწვდეთ და მან ეს მგონი იცის. შეგიძლიათ ჰკითხოთ ყასემ სოლეიმანს, რა ხდება, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ, რომ რომელიმე ადამიანი აშშ-სთვის საფრთხეს წარმოადგენს". – ამბობს ბოლტონი.

27 ოქტომბერს პუტინმა უარყო ბირთვული დაპირისპირება დასავლეთთან და ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ დამუქრებია უკრაინას, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. მისი განმარტებით, კრემლი მხოლოდ დასავლეთის ლიდერების "შანტაჟს" პასუხობდა.

ბოლო კვირებში პუტინმა და სხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

21 სექტემბერს, როდესაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, ბაიდენის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება".

კომენტარები