რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: უკრაინის ანექსირებული ტერიტორიები რუსეთის ბირთვული იარაღითაა დაცული

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ანექსირებული ოთხივე რეგიონი ზუსტად ისევეა დაცვის ქვეშ, როგორც დანარჩენი რუსეთი, მათ შორის ბირთვული იარაღით.

"ყველა ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია და ისინი დაცვის ქვეშაა. მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია იმავე დონეზე, როგორც რუსეთის დანარჩენი ტერიტორიები". – თქვა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის ოკუპირებული რეგიონები მოსკოვის ბირთვული დაცვის ქვეშ.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ ატომური ბომბის გამოყენების პრეცედენტი უკვე არსებობს.

21 სექტემბერს, როდესაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, თქვა, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა და ეს ბლეფი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით შანტაჟს ცდილობს, "უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი".

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ყველაზე დიდი საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან, ბაიდენის განმარტებით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ომის გამო მნიშვნელოვან შიდა კრიზისს განიცდის და პუტინი "არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება".

კომენტარები