რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შტაინმაიერი: რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მოსკოვსა და გერმანიას შორის ეპოქალური ბზარი გააჩინა

გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოფიციალური მოსკოვისა და გერმანიის ურთიერთობაში "ეპოქალური ბზარი" გააჩინა. ამასთან, შტაინმაიერის აზრით, ამ ომმა სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ოცნება "საერთო ევროპულ სახლზე" დაანგრია.

ამასთან, შტაინმაიერი, რომელიც გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, მოსკოვთან უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას წლების განმავლობაში ლობირებდა, აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ეპოქა შეცვალა.

"როდესაც დღევანდელ რუსეთს ვუყურებთ, ძველი ოცნებებისთვის სივრცე არ რჩება. დღეს ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ დგანან. ამ ყველაფერმა გერმანია სხვა რეალობის წინააღმდეგ დააყენა, დაუცველობის, რომელიც გვეგონა დავძლიეთ". - თქვა შტაინმაიერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა და უკრაინელ კოლეგას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის საკითხში.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შტაინმაიერი კიევში პირველად ჩავიდა. ვიზიტი თავდაპირველად აპრილში დაიგეგმა, თუმცა ოფიციალურმა კიევმა მის მიღებაზე უარი თქვა. უკრაინის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიზეზად Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულებას და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ასახელებდა, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ამის შემდეგ კოლეგებმა ერთმანეთთან სატელეფონი საუბარი გამართეს, რომელიც 45 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა "წარსული უსიამოვნებების მოგვარება შეძლეს". საუბრის შემდეგ კი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაინმაიერი კიევში მიიწვია, თუმცა, ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო.

კომენტარები