დიდი ბრიტანეთი

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი?

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატები პარტიის თავმჯდომარესა და ქვეყნის პრემიერმინისტრს აირჩევენ. 

ოფიციალური ინფორმაციით, კენჭისყრა 28 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება.

პენი მორდონტი

პენი მორდონტი

პენი მორდონტი პირველი დეპუტატია, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად გამოაცხადა. მან მონაწილეობა გასულ კენჭისყრაშიც მიიღო, თუმცა ლიზ თრასსა და რიში სუნაკთან დამარცხდა, რის შემდეგაც, მან მხარი თრასს დაუჭირა. 

მას შემდეგ, რაც ლიზ თრასი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდა, მორდონტი თემთა პალატის ლიდერად და საიდუმლო საბჭოს ლორდ პრეზიდენტად დაინიშნა. 

საკუთარი კანდიდატურის გამოცხადებას მორდონტი Twitter-ზეც გამოეხმაურა:

"მე შთამაგონებს კოლეგების მხარდაჭერა, რომელთაც ახალი დასაწყისი, პარტიაში ერთიანობა და ლიდერობა სურთ. მე ვაპირებ, რომ გავხდე კონსერვატიული პარტიისა და თქვენი ლიდერი - პრემიერმინისტრი - გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, შევასრულოთ დაპირებები და მოვიგოთ შემდეგი არჩევნები". - წერს მორდონტი Twitter-ზე. 

პენი მორდონტი 2019 წლის არჩევნებში ჯერემი ჰანტის მხარდამჭერი იყო, რის გამოც მან კაბინეტი დატოვა. 2020 წელს იგი სახელმწიფო ხაზინის მინისტრი გახდა, ხოლო მოგვიანებით საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში გადაინაცვლა.

რიში სუნაკი

რიში სუნაკი

რიში სუნაკი, რომელიც ზაფხულში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლაში ლიზ თრასთან დამარცხდა, კენჭისყრაში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

კამპანიის დროს, სუნაკმა თრასი გააფრთხილა, რომ მისი საგადასახადო გეგმები ბრიტანეთის ეკონომიკას დააზიანებდა, თუმცა, იგი საბოლოოდ 21 000 ხმით დამარცხდა. 

რიში სუნაკი რიჩმონდის ჩრდილოეთით იორკშირის საარჩევნო ოლქში დეპუტატად 2015 წელს აირჩიეს. 2020 წლის თებერვლისთვის ის დიდი ბრიტანეთის კაზინის კანცლერი გახდა. 

სუნაკს პანდემიასთან გამაკლავებისას ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შესანარჩუნებლად უზარმაზარი ხარჯების გაწევა მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ იგი იდეოლოგიურად დაბალი გადასახადებისა და პარტიის ტეტჩერის ფრთის ერთგულია. 

სუნაკის რეპუტაცია შეილახა მას შემდეგ, რაც მისი ცოლის საგადასახადო დარღვევების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ამას დაემატა ისიც, რომ ბორის ჯონსონთან ერთად, სუნაკს კარანტინის ზომების დარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა. 

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის პოსტი ივლისის დასაწყისში დატოვა. მას შემდეგ, რაც მას პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა. 

ბორის ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება ე.წ. ფართიგეითის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

მიუხედავად ამისა, ბორის ჯონსონს ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირეები როგორც პარლამენტში, ისე ზოგადად პარტიაში. პარლამენტის წევრის, ნადინ დორისის თქმით, რომელიც ჯონსონს მხარს უჭერს, ის თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს, რადგან 2019 წლის არჩევნებში ჯონსონმა მანდატი ბრიტანელი ხალხისგან მიიღო. 

მორდონტის, სუნაკისა და ჯონსონის გარდა, კანდიდატებად შეიძლება მოვიაზროთ საერთაშორისო ვაჭრობის მდივანი კემი ბეიდინოხი, საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს ქლევერლი, იუსტიციის მდივანი ბრენდონ ლევისი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივმენი. ვარაუდობდნენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესიც მიიღებდა, თუმცა, მან პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ მხარს ბორის ჯონსონს დაუჭერს. 

კომენტარები