ვაკის პარი

კალაძემ და მისმა გუნდმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობა – ევროპელები

ევროპული საქართველოს წევრები, გიორგი ნონიაშვილი და ბესიკ დონაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან - მათი შეფასებით, მოზარდის გარდაცვალება არ არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც კორუფციამ, ფლანგვამ და დაუდევრობამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და  ეს "ხელისუფლების და თბილისის მერის ზოგადი სამუშაო წესია". 

ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ გუნდთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. 

გიორგი ნონიაშვილმა იმ შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც თბილისის მერმა კორუფციული გარიგე დადო - მისი ინფორმაციით, წითელი ბაღის კეთილმოსაწყობას მერიამ შპს გრინსერვისს 2 მილიონ ლარამდე გადაუხადა, 1 წელიწადში ბაღი უკვე სარემონტო მდგომარეობაში იყო, უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არ არის. მისივე ინფორმაციით, გლდანში შპს ენსისიმ შეასრულა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც მათ მერიამ 13 მილიონი გადაუხადა, თუმცა, ნონიაშვილის ცნობითვე, სანიაღვრე სისტემა გამართულად არ მუშაობს, ძლიერი წვიმის დროს იტბორება და საფრთხეებს აჩენს.  

ნონიაშვილმა ასევე გაიხსენა 2016 წელს ვარკეთილის მეტროს გარემონტება, რაშიც მერიამ 1 მილიონ ლარამდე დახარჯეს, თუმცა ჭერი 5 თვეში ჩამოინგრა. მისი ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც მეტროში სამუშაოები ჩაატარა, სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულების რემონტი ანდეს. ასევე, მეტროსადგური გოცირიძე 3 თვის ნაცვლად 18 თვეა, ჩაკეტილია - დასრულების ვადა 7-ჯერ გადაწიეს.

"გარდა იმისა, რომ ვაკის პარკის საქმე არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ვაკის პარკის სამუშაოების დასრულებამდე გახსნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კი პასუხისმგებელ პირებს უნდა ჰყოფნიდეთ ღირსება, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ". - ამბობს ნონიაშვილი. 

ბესიკ დონაძის სიტყვებით, კახა კალაძის მმართველობის შეფასება 3 სიტყვით შეიძლება - კორუფცია, ნეპოტიზმი და გულგრილობა. 

"მათი ქმედებები აქამდე აზიანებდა ბიუჯეტს, მაგრამ ახლა უკვე აზიანებს ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. კალაძის და მისი გუნდის მიერ გაკეთებულ არცერთ მუნიციპალურ სერვისს და ინფრასტრუქტურულ პროექტს აღარ ექნება მოსახლეობის ნდობა, ეს პროექტები ვეღარ იქნება მოსახლეობისთვის უსაფრთხო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კალაძემ და მისმა გუნდმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები". - თქვა დონაძემ ბრიფინგზე. 


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები