ირანი

ირანში მოსწავლეების დაკავებისა და დაღუპვის შესახებ ცნობები ვრცელდება

ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ვხედავთ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სადაც ასობით საშუალო სკოლის მოსწავლე და უნივერსიტეტის სტუდენტი უშიშროების ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების და ხშირ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის პირისპირ მონაწილეობს. ირანის ხელისუფლება ტყვიების გამოყენებას უარყოფს

  • "ანტისამთავრობო არეულობის ჩახშობის მიზნით" გუშინ, 9 ოქტომბერს პოლიციელებმა მოსწავლეები სკოლაშივე დააკავეს

სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, უშიშროების ძალები სკოლის შენობებში, ფურგონებით - სანომრე ნიშნების გარეშე, მივიდნენ და სკოლის მოსწავლეები დააკავეს.

ინფორმაცია The Guardian-ს ერთ-ერთი დაკავებულის დამ დაუდასტურა. მატინი, 20 წლის ტექნოლოგიის სტუდენტი რაშტიდან ამბობს, რომ მისი 16 წლის და -  ნაზინი სკოლიდან აიყვანეს. მისი მეგობრების ინფორმაციით კი ბანდარ აბასიში სკოლის მოსწავლეები რეპრესიულმა ძალებმა დააკავეს.

მანამდე, ხელისუფლებამ ირანის ქურთისტანის ყველა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დახურა, მცდელობით, ჩაეხშო ამინის გარდაცვალების გამო ქურთების საზოგადოების მღელვარება.

  • 8 ოქტომბერს კი ირანის სამთავრობო საინფორმაციო არხი მცირე დროით "დაჰაკეს"

უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, სახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრის კადრების ნაცვლად ტელემაყურებელს დაღუპული მომიტინგეების ფოტოები და პროტესტის მხარდამჭერი გზავნილები აჩვენეს.

საპროტესტო აქციების მასშტაბები სადავოა, მთავრობის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერილი მედია ცრუ სურათს იძლევა "მიმოფანტული შეკრებების" შესახებ, რომლებიც უსაფრთხოების ძალების მოსვლიდან მალევე იშლება. თუმცა, პარალელურად ვრცელდება ცნობები აქციაში მონაწილე მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, დაღუპვის შესახებ. 

  • "ირანის საპროტესტო აქციებში დაიღუპა სულ მცირე 185 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი", - წერს ნორვეგიაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია ირანის ადამიანის უფლებები

ოსლოში დაფუძნებული ქურთთა ინტერესების დამცველი ადამიანის უფლებათა ჯგუფი Hengaw ამტკიცებს, რომ პოლიცია სანანდაჯსა და საქკეზში მომიტინგეებს ესროდა. შედეგადაც 8 ოქტომბერს ორი მომიტინგე დაიღუპა. ორგანიზაციის განცხადებით, დაღუპულ არასრულწლოვანთა რიცხვმა 18-ს მიაღწია. 

  • "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" - ამ ფრაზას Hengaw-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ახალგაზრდა ქალები სკანდირებდნენ.

გასულ კვირას ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საჯაროდ გამოეხმაურა ირანში ბოლო წლების ყველაზე დიდ საპროტესტო გამოსვლებს - დაარღვია რამდენიმე კვირიანი დუმილი, დაგმო "არეულობა" და საპროტესტო აქციების დაგეგმვაში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა

  • "ეს არეულობები და დაუცველობა შეიქმნა ამერიკისა და სიონისტური რეჟიმისა და მათი თანამშრომლების მიერ", – ამბობს ირანის უმაღლესი ლიდერი. 

დარბევებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და აღნიშნა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია ირანში მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის სტუდენტებისა და ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობით. ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დაგმო "რეჟიმის უხეში ძალა" შარიფის უნივერსიტეტში და იგი შეაფასა, როგორც განათლებისა და თავისუფლებისადმი შიში. 

  • "აშშ დგას ირანელი ქალებისა და ირანის ყველა მოქალაქის გვერდით, რომლებიც მსოფლიოს შთააგონებენ სიმამაცით" - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები