ირანი

"სამწუხაროა" – ირანის მორალის პოლიცია უწყების ცემის შედეგად მკვდარ ქალზე

Majid Asgaripour/WANA (West Asia News Agency) via REUTERS  

ხელისუფლების წინააღმდეგ სამდღიანი პროტესტის ფონზე, ირანის პოლიციამ პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის სიკვდილი "უბედურ შემთხვევად" შეაფასა და უარყო ბრალდებები არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა, იგი ჯერ კომაში ჩავარდა და შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევას თეირანში დემონსტრაციები მოჰყვა. 

მისი სიკვდილი დაგმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰეშთეგით - #MahsaAmini, რამაც Twitter-ზე 1,8 მილიონ გაზიარებას მიაღწია. 

პოლიციის ინფორმაციით, ამინი ავად მაშინ გახდა, როდესაც სხვა ქალების დაკავებას მორალის პოლიციასთან ერთად ელოდებოდა. უწყება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებულ მკაცრ წესებს აკონტროლებს. კანონი ქალებს თმების დაფარვასა და საჯარო სივრცეში ფართო ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები