საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: საქართველო შეასრულებს ამ 12-ვე რეკომენდაციას

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აპირებენ, შეასრულონ EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტი. ღარიბაშვილის მტკიცებით, მმართველი გუნდი მოტივირებულია, მოკლე ვადაში შეასრულოს რეკომენდაციები. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საქართველო შეასრულებს ამ 12-ვე რეკომენდაციას, ჩვენი ხელისუფლება ჩართულია, მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში იქნეს შესრულებული 12-ვე რეკომენდაცია. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია პარლამენტში [...] ყველა კარი არის ღია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობაც უზრუნველვყოთ". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლიდან წარადგენს. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

კომენტარები