საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის კანდიდატობაზე განაცხადი 19-მა ადამიანმა შეიტანა

სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი სულ 19-მა ადამიანმა შეიტანა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის კანდიდატთა სრული სია ასეთია:

  1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი
  2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს - არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები ადვოკატი
  3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილე
  4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის ხელმძღვანელი
  5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  6. თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
  7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
  8. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე
  9. ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
  10. ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ თაობათა დიალოგის თავმჯდომარე
  11. გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი, დირექტორი
  12. სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
  13. მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ ხალხის ხმის დამფუძნებელი
  14. ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
  16. ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
  17. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს გიორგი ცობეხია და პარტნიორების მმართველი პარტნიორი, დირექტორი
  18. იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი, გირჩის დეპუტატი
  19. ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი 

შალვა პაპუაშვილის თქმით, სპეციალური 9-კაციანი ჯგუფი კანდიდატების შესახებ შეფასებას 13 ოქტომბრამდე წარადგენს. ამის შემდეგ კი პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებსა და პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს შესაძლებლობა ექნებათ, 21 ოქტომბრის ჩათვლით თავიანთი კანდიდატები წარადგინონ. პაპუაშვილის თქმით, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდეს.

9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი 83 ხმით დაამტკიცა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს და ამ საკითხს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს მიანდობენ.

სახალხო დამცევლის არჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილია.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელშიც ცხრა წევრი იქნება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჯგუფი შეაფასებს თითოეულ წარდგენილ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით, ამის შემდეგ კანდიდატები წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს,  რომლებმაც შემდეგში კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინონ.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

კომენტარები