საქართველოს სახალხო დამცველი

განცხადება პირად მიზნებს ემსახურება, სპეკულირებს ოკუპაციით – ომბუდსმენი Reformerfitness-ზე

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს და რეფორმერ ფიტნესს ეხმაურება. 

რეფორმერ ფიტნესმა 10 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სახალხო დამცველის აპარატის მიერ მათთვის გაგზავნილი წერილი. წერილის თანახმად, ომბუდსმენის აპარატს 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა ფიოდოროვ ალექსანდრე ალექსანდროვიჩმა, რომლის თქმითაც, მომსახურების მიღებისთვის მას ადმინისტრატორმა ხელმოსაწერად გადასცა დოკუმენტი, სადაც ჩანაწერი იყო საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ალექსანდრე ფიოდოროვის განცხადებით, ის პოლიტიკური შეხედულებების გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლია. 

სახალხო დამცველმა რეფორმერ ფიტნესს მიმართა, საპასუხოდ წარადგინოს აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი, ასევე განმარტოს, პრაქტიკა ყველა პირზე ვრცელდება, თუ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. 

ომბუდსმენის წერილს გამოეხმაურა რეფორმერ ფიტნესი და აცხადებს, რომ "როგორც კერძო ბიზნესი და მესაკუთრე, უფლებამოსილი ვართ, ავირჩიოთ სტუმრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ისევე, როგორც მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს პროდუქტისა და მომსახურების მიმწოდებელი თავისი გემოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად". 

მათივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მათი საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ არ მოემსახურებიან რუსეთის მოქალაქეებს "თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ". რეფორმერ ფიტნესი წერს, რომ ასევე არ ემსახურებიან "საქართველოს საპოლიციო სისტემის თანამშრომლებს". 

"არ არსებობს კანონი და ძალა, რომელიც გვაიძულებს, მოვემსახუროთ ჩვენთვის არასასურველ სტუმრებს, ან არ მოვემსახუროთ ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებს (როგორც ამას პანდემიის დროს ვაკეთებდით). თქვენ ამას დისკრიმინაციას უწოდებთ, სეგრეგაციას თუ სტიგმას, საერთოდ არ გვაინტერესებს. როგორც ჩანს, თქვენ მიერ დადგენილი ვადაც შემოგვერღვა, მაგრამ ესეც არ გვაინტერებს. გირჩევთ, ასე ოპერატიულად და მონდომებით დაიცვათ საქართველოს მოქალაქეების უფლებები სისტემის წინაშე". - აცხადებს რეფორმერ ფიტნესი

სახალხო დამცველი საპასუხოდ წერს, რომ "საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთან, საქმის სრულყოფილად შესწავლის პროცესში აპარატი ახდენს მოპასუხის ინფორმირებას და გამოითხოვს რელევანტურ ინფორმაციას". 

მათივე ცნობით, რეფორმერ ფიტნესისგან საპასუხო განცხადება სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოითხოვეს. იოსელიანის შეფასებით, რეფორმერ ფიტნესის საპასუხო განცხადება "ემსახურება პირად მიზნებს და სპეკულირებს"  საქართველოს ოკუპაციის საკითხით. ასევე უწყება ამტკიცებს, რომ კომპანია ცრუ ნარატივს ავრცელებს "სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტირების მიზნით".

"დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება ასევე, კერძო დაწესებულებებზე, რომლებიც მომხმარებლებს  სერვისს და მომსახურებას სთავაზობს. ანტი-დისკრიმინაციული კანონი ცალსახად განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე–11 მუხლით განმტკიცებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპის საკანონმდებლო იმპლემენტაციის კონსოლიდირებულ მექანიზმს და კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს რეფორმერ ფიტნესისგან, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისთვის და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით - საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით. 

კიდევ ერთხელ ცალსახად განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია, შეისწავლოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ნებისმიერი განცხადება და საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს". - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. 

რეფორმერ ფიტნესის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სახალხო დამცველის აპარატის წერილი და საჯარო განცხადება:

კომენტარები