სახალხო დამცველის არჩევა

ქართული ოცნება სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. ამის შესახებ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის წარდგენის საკითხს ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს მიანდობენ. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია კანდიდატს არ წარადგანს, ქართული ოცნება საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. 

"საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებსა და სამოქალაქო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარგენის გზით".- თქვა მდინარაძემ. 

ქართული ოცნებამ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებიც დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, " კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას".

მისივე თქმით, შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ პირს შეეძლება, შეიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე. 

"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნება პროფესიული და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოადგინონ სახალხო დამცველობის სულ მცირე შვიდი კანდიდატურა, მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება".- ამბობს მდინარაძე. 

კომენტარები