სახალხო დამცველის არჩევა

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესი 83 ხმით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შესახებ იმსჯელა და მას მხარი მესამე მოსმენით, 83 ხმით დაუჭირა. ევროკავშირის რეკომენდაციების მე-12 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული პუნქტი საქართველოსგან ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს.

მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა. პარტიებმა ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდა.

ქართული ოცნების გარდა, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ევროპელი სოციალისტების, მოქალაქეების, საქართველოსთვის და გირჩის ზოგიერთმა წევრმა. აგრეთვე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

ცვლილებების მიხედვით, მომავალი სახალხო დამცველის არჩევა დროებითად მოქმედი წესით მოხდება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის შემადგენლობაც ცხრა წევრისგან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.

შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონით შეაფასებს.

პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს ეწურება.

 

კომენტარები