ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას გმობს

ალექსანდრ ლუკაშენკო და ასლან ბჟანია ბიჭვინთაში, 2022 წლის 28 სექტემბერი.
belta.by

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს კომენტარს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით.

კომენტარში დაგმობილია ლუკაშენკოს ვიზიტი და ნათქვამია, რომ ამით დაირღვა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, გამოხატულია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე.

ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". – ამბობს სტანო.

ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის დროს თქვა, რომ მან და პუტინმა ბევრი იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არსებობს" და "რუკიდან ვერ გააქრობენ" სანქციების მეშვეობით, ასევე, მისი თქმით, აფხაზეთი "არ უნდა მიატოვონ" და დაეხმარონ.

ლუკაშენკო აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ეკონომიკურ ურთიერთობას, "მეგიბრობის ხიდსა" და "სერიოზულ ურთიერთობას" ჰპირდება.

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს და დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს. ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები