დაპირისპირება ენმ-ში

ობოლაძე: ვტოვებ ენმ-ის ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია

მთავარი/კადრი ვიდეოდან

"ოპოზიციურ ველზე კრიზისია, საჭიროა ფუნდამენტური დარესტარტება, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიციური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად".- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა ობოლაძე FACEBOOK-ზე წერს.

ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციაში განვითარებულმა მოვლენებმა და პირადმა დაპირისპირებებმა აჩვენა რაც რეალურად ხდება. ობოლაძე აღნიშნავს, რომ " უარესიც ხდება - რაც ჯერ არ ჩანს". 

მისივე თქმით, ფაქტია, რომ მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ეს რეალობა უნდა აღიარონ. 

"პოლიტიკა პირველ რიგში კომპრომისების ადგილია, მაგრამ როდესც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი - დუმილი ტყუილია. პოლიტიკა კი არ არის ფუნდამენტური ტყუილების ადგილი, ამიტომ ახლა ნამდვილად მოვიდა დრო, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ.

ზედაპირზეა რომ ოპოზიცია კრიზისშია.

ბოლო კვირების მოვლენები და ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმის, რაც რეალურად ხდება. უარესიც ხდება - რაც ჯერ არ ჩანს.

ზედაპირზეა რომ ოპოზიცია კრიზისშია.

ფაქტია, ოპოზიციის ყოფილი ფაქტობრივი ლიდერი და ძალის ცენტრი, მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია.

სააკაშვილი არათუ არ მოქმედებს ქართულ პოლიტიკაში, აღარც კი აკომენტარებს მას, მაშინ როდესაც აკომენტარებს უკრაინულ პოლიტიკას.

ჩვენ უნდა დავიანახოთ ახალი რეალობა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ეს რეალობა.

აღარავისთვის არის ახალი რომ ოპოზიციურ ველზე არის იდენტობის, იდეის, აზრის, ხშირად მორალის, პასუხისმგებლობის, კონსტრუქციის სრული კრიზისი - ამიტომ საჭიროა ფუნდმანტური დარესტარტება".- წერს ობოლაძე. 

მისივე თქმით, კრიზისებს ვადამდელი არჩევნები შველის - "ოპოზიციაშიც ესე მუშაობს ეს". ობოლაძე აღნიშნავს, რომ თუ გვინდა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა და პოლიტიკა - უნდა შევქმნათ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიცია

"პირველი - თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს ხელისუფლება, რომელის წარმომადგენლებიც წარუმატებლობაზე, თანამდებობისთვის შეუფერებლობაზე, დაპირებულის ვერ და არშესრულებაზე - უბრალოდ პასუხისმგებლობას აიღებს და გადაგება, ჩვენ იგივე უნდა მოვითხოვოთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

როდესაც საჭიროა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა - ეს უნდა გააკეთო.

მეორე - თუ გვინდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონულად და ფარულად, ჯერ ჩვენ ჩავატაროთ მსგავსი არჩევნები ოპოზიციურ ფლანგზე.

ჩემი აზრით ოპოზიციის სამოქმედო ასეთია:

1. არსებული ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური როლით, მაგრამ პროცესით, რომელიც ღია იქნება დამოუკიდებელი ადამიანებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, სადაც დავარეგისტრირებთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არანაკლებ 10 %, - ანუ 100 000 ან მეტ ადამიანს.

ამ პლატფორმის გამოყენებით, ფარულად და ელექტრონულად ხმის მიცემის პრინციპით, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიცური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად.

2. პრაიმერისები გაიწეროს დროში. ჩემი აზრით ჯამში 6-8 კვირის ფარგლები იქნება საკმარისი და საჭიროც.

პროცესი უნდა მოიცავდეს საჯარო სატელევიზიო დებატებს სხვადასხვა თემებზე. პოლიტიკოსებმა უნდა ახსნან რატომ, რისთვის არიან პოლიტიკაში, რა ამოძრავებთ, რისი ჯერათ და რა უნდათ.

პროცესი უნდა ითვალისწინებდეს კამპანიების ჩატარებას პრაიმერისების ფარგლებში, მაგალითად სწორედ ისე, როგორც ეს ხდება შეერთებულ შტატების პოლიტიკურ სისტემაში.

უახლოეს თვეებში, ღია პოლიტიკური პროცესის შედეგად, უნდა დაიბადოს და ჩამოყალიბდეს ის ლიდერი და ის ლიდერთა გუნდი, ვინც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე შეცვლის ქ. ოცნებას და ვინც ხალხთან ერთად მოიგებს რეალურად რეფერენდუმს: ევროპა თუ რუსეთი, არსებობა თუ გაქრობა.

დიდი დარესტარტების, ხალხიდან ლეგიტიმაციის მიღების, ახალი რეალური ლიდერების დაბადების გარეშე, შეუძლებელია ამ ფორმაციის ოპოზიციამ და მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ეს ოლიგარქიული სისტემა".- წერს ობოლაძე. 

მისივე თქმით, დღეს, ოპოზიციურ ველზე გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, "პირველ რიგში ვსაუბრობ ნაციონალურ მოძრაობაზე" - არ აქვს ლეგიტიმაცია ხალხისგან.

ობოლაძის თქმით, აღარ არის გასაგები ე.წ. ლიდერები ვის წარმოადგენენ პოლიტიკში, რა მიზნები აქვთ, რა ვნებები აქვთ, რატომ არიან პოლიტიკაში და რისთვის "იბრძვიან". 

"ამ ფორმაციის პოლიტიკურმა პარტიებმა თავი ამოწურეს და ვერ პასუხობენ მოთხოვნებს. ეს კარგად აჩვენა 3 ივლისის აქციამ, როდესაც ქუჩაში 120 000 ადამიანი იდგა და არავინ წარმოადგენდა ამ ხალხს, არავის შეეძლო მათი ძალის მშვიდობიანი გამოყენება - ქვეყნის მომავლისთვის.

ჩემი აზრით, თუ ოპოზოციური „პარტიების“ უმეტესობა თვლის რომ ახლა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა დიდ დემოკრატიულ პროცესში, რომლის შედეგიც იქნება ახალი პოლიტიკური სპექტრის დაბადება - რომელსაც პირდაპირი კავშირი ექნება ხალხთან"- აღნიშნავს ის. 

ნიკა ობოლაძე ამ მდგომარეობიდან გამოსავალზეც საუბრობს: 

" პლატფორმა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური როლით, ჩავატაროთ დიდი ფართო ოპოზიცური პრაიმიერისი, ელექტრონულად და ფარულად, იმისთვის რომ საქართველოში გაჩდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვისაც აქვს ფართო ლეგიტიმაცია და მოქმედების თავისუფლება.

სხვა შემთხვევაში ჩვენ ვწირავთ ქვეყანას ქართული ოცნების სამართავად.

მე ვტოვებ ნაციონალური მოძრაობის არსებულ ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ".- წერს ნიკა ობოლაძე. 


25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებს ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები