რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეირანი კიევს: ნუ მოექცევით მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, რომლებიც თეირანსა და კიევს შორის ურთიერთობის განადგურებას ცდილობენ. 

ქანაანის ცნობით, ირანის საგარეო უკრაინის გადაწყვეტილებას, შეუჩეროს აკრედიტაცია ირანის ელჩსა და შეამციროს დიპლომატიური პერსონალი, არასწორად აფასებს. 

რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, 23 სექტემბერს უკრაინამ ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის, მთელ საელჩოში კი თანამშრომელთა შემცირების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროში გამოიძახეს ირანის ელჩი, რომელსაც შეატყობინეს, რომ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ ნეიტრალურ პოზიციას, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება "არამეგობრულ აქტს" წარმოადგენს.

ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ დიპლომატი ვეღარ შეძლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და უნდა დაბრუნდეს თეირანში.

აქამდე, მას შემდეგ, რაც უკრაინის ობიექტებზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები დადასტურდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება დაავალა.

პირველი ცნობა, უკრაინის წარმომადგენლების მიერ, ირანული დრონის განადგურების შესახებ 13 სექტემბერს გავრცელდა, როდესაც მათმა ძალებმა კუპიანსკთან ირანული Shahed-136 ჩამოაგდეს.

ირანის მტკიცებით, Shahed-136-ს 2 500 კილომეტრის რადიუსზე ფრენა შეუძლია.

ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა, თუმცა თეირანი ამ ფაქტს უარყოფდა.

კომენტარები