რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს გამომძიებელი: რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა

რუსეთის სამხედრო პოლიციის ძალები უკრაინაში, ოკუპირებულ ხერსონში
РИА

გაეროს მანდატის მქონე საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერიკ მიუსემ თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა. მისი თქმით, ომის დანაშაულები მოიცავდა გაუპატიურებას, წამებას, სიკვდილით დასჯასა და ბავშვების გატაცებებს.

ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო ორგანომ სამხილებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კიევი და დასავლელი პარტნიორები რუსეთს ომის დანაშაულების ჩადენას სდებდნენ ბრალად, თუმცა მოსკოვი ყოველთვის უარყოფდა.

"კომისიის მიერ შეგროვებულ სამხილებზე დაყრდნობით, დავასკვენით, რომ უკრაინაში ინუს დანაშაულები ჩაიდინეს". – თქვა ერიკ მიუსემ.

მას ზუსტად არ დაუკონკრეტებია დანაშაულების რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები "დიდი რაოდენობით" მოხდა რუსების მხრიდან, ხოლო უკრაინელების მხრიდან დაფიქსირდა რუსი სამხედროების ცუდად მოპყრობის მხოლოდ ორი შემთხვევა. 

საბჭოს შეხვედრის დროს რუსეთს ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცეს, თუმცა მათი წარმომადგენელი სხდომაზე არ იმყოფებოდა.

უფლებათა საბჭოს მიერ მარტში შექმნილი კომისიის გამომძიებლები უკრაინაში იყვნენ ჩასული, ესტუმრნენ 27 ლოკაციას და ინტერვიუ ჩამოართვეს 150-ზე მეტ მსხვერპლსა და მოწმეს კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რეგიონებიდან.

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, აღოაჩინეს სიკვდილით დასჯის ბევრი სამხილი, მათ შორის გვამები შეკრული ხელებით, გამოჭრილი ყელითა და თავში ნატყვიარებით. ასევე, მისი თქმით, საგამოძიებო ჯგუფმა შეძლო სექსუალური ძალადობის 4-დან 82 წლამდე მსხვერპლების იდენტიფიცირება.

კომენტარები