რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მობილიზაციის ფონზე, ლიტვას სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოჰყავს

ლიტველი სამხედროები
A.Pliadis/Lithuania Ministry of Defense

რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე, ლიტვას სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოჰყავს. ამის შესახებ ლიტვის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ Twitter-ზე წერს. 

"რადგან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩვენს საზღვრებთანაც, კალინინგრადის რეგიონშიც ხდება, ლიტვა ამას უბრალოდ ვერ უყურებს. ლიტვის სწრაფი რეაგირების ძალები მაღალ მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა არ იქნას დაშვებული რუსეთის მხრიდან არანაირი პროვოკაცია". – წერს ლიტვის თავდაცვის სამინისტრო. 

ბალტიის ზღვაზე მდებარე კალინინგრადი მოქცეულია პოლონეთსა და ლიტვას შორის. 

21 სექტემბერს ვლადიმი პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრიცი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები