დიდი ბრიტანეთი

ლიზ თრასი ბრიტანეთის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას განიხილავს

დაუნინგ სთრითის სპიკერის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, იაირ ლაპიდთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ის ბრიტანეთის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას განიხილავს. ინფორმაცია ასევე დაადასტურა ლაპიდის წარმომადგენელმაც.

ჯერ კიდევ აგვისტოში, სანამ თრასი პრემიერმინისტრის თანამდებობას დაიკავებდა, მან აღნიშნა, რომ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ის განიხილავდა გაერთიანებული სამეფოს მიერ საელჩოს თელ ავივში დატოვების გადაწყვეტილებას.

"მესმის მნიშვნელობა და მგრძნობიარობა იმის მიმართ, თუ სად იქნება ბრიტანეთის საელჩო. ამ საკითხზე ბევრჯერ მქონდა საუბარი ჩემს კარგ მეგობარ, პრემიერმინისტრ იარ ლაპიდთან". – თქვა თრასმა.

2018 წლის 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. საელჩოს გახსნამ პალესტინელების პროტესტი გამოიწვია. მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა შეტაკებები ღაზას სექტორის საზღვართან. ისრაელის არმიასთან დაპირისპირებისას 60-მდე პალესტინელი დაიღუპა. დაშავდა 2,700-ზე მეტი. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიის ქმედებებს თავდაცვა უწოდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, რომელთაც მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს, აშშ-მა ისრაელის განცხადებას მხარი დაუჭირა და ღაზას სექტორში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის სამხედრო ძალების ქმედებას "გენოციდი" უწოდა, ხოლო ისრეალს "ტერორისტული სახელმწიფო". თურქეთმა ქვეყნიდან ისრაელის ელჩი გააძევა.

იერუსალიმში გვატემალას საელჩო 16 მაისს გაიხსნა. საელჩოს გასხნას გვატემალას პრეზიდენტი ჯიმი მორალესი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაესწრნენ.

კომენტარები