დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთის თავდაცვა: აზერბაიჯანის იერიშის ქვეშ რუსეთის ФСБ-ს შენობა და მანქანა მოჰყვა

ФСБ-ს მანქანა, რომელიც, სომხეთის მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. ინფორმაცია და ფოტომასალა თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ახალ განცხადებაში წერს, რომ აზერბაიჯანის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენელი მესაზღვრეების შენობა და მანქანა, რომელიც, სომხური მხარის თქმით, საბრძოლო ზონაში ჰუმანიტარული მისიით იყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამ ბრალდებას უარყოფენ.

სომხეთის თავდაცვის უწყებას ეს შემთხვევა მოჰყავს მაგალითად, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სამიზნეებს განურჩევლად არტყამენ.

ინფორმაცია ФСБ-ს ჯგუფის იერიშის ქვეშ მოყოლის შესახებ თავდაპირველად სოციალურ მედიაში გავრცელდა. როგორც წერდნენ, შემთხვევა გეღარქუნიქის რაიონში მოხდა.

განცხადების მიხედვით, 15:00-ისთვის საზღვარზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაიძაბა. სომხეთის თავდაცვის მიხედვით, პირველი საათიდან, მთელი საზღვრის გაყოლებაზე მოწინააღმდეგე აგრძელებდა ინტენსიურ ცეცხლს სარაკეტო თავდასხმებით. 

სომხეთის მხარის ცნობით, სარაკეტო თავდასხმების გარდა, აზერბაიჯანელების ძალები სახმელეთო დაწინაურებას ცდილობენ. 

საპასუხოდ, აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს, რომ ერევანს სამხედრო ობიექტები ახლოს აქვს განლაგებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან და დასახლებებთან. ბაქოს მტკიცებით, სომხური ძალები მათ სწორედ მსგავსი პოზიციებიდან ესვრიან, რითიც ამ ობიექტებს ლეგიტიმურ სამიზნეებად ხდიან.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

ОДКБ-ს სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ ორგანიზაცია სომხეთში, აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე, გაგზავნის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც გენერალური მდივანი, სტანისლავ ზასი უხელმძღვანელებს. ჯგუფის დავალება აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შეფასება, წევრი ქვეყნების მეთაურებისთვის ანგარიშების მომზადება და დაძაბულობის განმუხტვის წინადადების შემუშავება იქნება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 13 სექტემბერს მოსკოვის დროით 09:00-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მათი შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, თუმცა შეტაკებები გაგრძელდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს. 

აქამდე, 31 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ხელახლა აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა.

3 აგვისტოს აზერბაიჯანმა ლაჩინის მიმართულებით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ "კონტრტერორისტული ოპერაცია" ჩაატარა.

ამავე დღეებში, ვითარების დაძაბვის ფონზე, სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა.

12 აგვისტოს ილჰამ ალიევი ითხოვდა, რომ ლაჩინი, ზაბუჰო და სუსი "უკანონოდ ჩასახლებულ" ხალხს თავისი ნებით დაეტოვებინა და აქ აზერბაიჯანელები დასახლებულიყვნენ.

26 აგვისტოს ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ლაჩინზე. 

ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთ მაკავშირებლად რჩებოდა. 

ლაჩინს 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ იყო.

კომენტარები