მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანული მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო

აზერბაიჯანელი სამხედროები

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

აქამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

"3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით". – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანულ მედიაში წერენ, რომ ოპერაციის შედეგად, გაანადგურეს სომხური შეიარაღებული ფორმირებების საარტილერიო დივიზიონი და ერთი პოსტი. მათივე ცნობით, სომხურ შენაერთებში დანაკარგებია.

სომხურ მედიაში წერენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

სომხური მედიის ცნობით, ე.წ. ყარაბაღის თავდაცვის არმიის ერთი წარმომადგენელი ჭრილობების შედეგად დაიღუპა, ექვსი კი დაშავებულია. მებრძოლებმა ჭრილობები აზერბაიჯანული დრონის თავდასხმის შედეგად მიიღეს.

ლაჩინის რეგიონში მდებარეობს ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.

კომენტარები