რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: კრემლი ცდილობს ხარკოვში განცდილ მარცხში პუტინის ბრალი დაფაროს

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW)-ს 13 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, კრემლის წარმომადგენლები ცდილობენ ხარკოვის მიმართულებით განცდილ მარცხში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პასუხისმგებლობა მოხსნან.

როგორც ISW წერს, კრემლის შიდაეროვნული ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელმა, ბოგდან ბეზპალკომ გააკრიტიკა სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ვერ შეძლეს აღექვათ უკრაინელი სამხედროების ხარკოვის ოლქში კონცენტრაცია და ყურადღებას არ აქცევდნენ ტელეგრამ-არხებს, სადაც აფრთხილებდნენ უკრაინელების დაუყოვნებელი კონტრიერიშის შესახებ და თქვა, რომ მათი თავები "პუტინის მაგიდაზე უნდა ეწყოს".

აქამდე, ISW ავრცელებდა ცნობას, რომ კრემლმა გადადო პუტინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც ხარკოვიდან ჯარები გამოიყვანეს. კვლევითი ცენტრის ანალიზით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს კრემლსა და თავდაცვის სამინისტროს შორის განხეთქილებაზე,

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხარკოვის მიმართულებით მარცხი არის პირველი მარცხი, რომელიც მოსკოვმა აღიარა. კრემლის წარმომადგენლები და მედიაში მომუშავე პროპაგანდისტები ფართოდ განიხილავენ ხარკოვში რუსეთის მარცხის მიზეზებს, რაც განსხვავდება მათი წინა მიდგომისგან. კრემლს აქამდე არ უღიარებია, რომ კიევის მიმართულებით დამარცხდნენ და ამას დონბასის "გათავისუფლებაზე" კონცენტრაციით ამართლებდნენ, ხოლო მარცხი კუნძულ ზმეინიზე "კეთილი ნების ჟესტად" გამოაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხარკოვის მარცხზე თავდაპირველად მსგავსი ახსნა გამოაქვეყნა, ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს ხარკოვიდან ჯარები გადაჯგუფებისთვის გამოჰყავდა, თუმცა, როგორც ISW აღნიშნავს, ამ ცრუ ნარატივს ონლაინ სივრცეში ხმამაღალი კრიტიკა მოჰყვა.

როგორც ISW-ს ანგარიშშია ნათქვამი, კრემლის მიერ დამარცხების აღიარება არის მცდელობა, შეამსუბუქონ და უკუაგდონ პუტინის კრიტიკა ხარკოვში განცდილი მარცხის გამო და ეს ნეგატიური განწყობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სარდლობისკენ მიმართონ.

კომენტარები